„ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება შეიძლება სასარგებლო ნაბიჯი იყოს ქვეყნისთვის, რადგან ეს საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს გააცნობიეროს, რომ დასავლეთი ცდილობს მათ დააკარგინოს პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა“, - ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ანდრეი ლუგოვოიმ გამოცემა Ридус-თან ინტერვიუში. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ლუგოვოი ამტკიცებს, რომ საკამათო კანონის ქართული ვერსია უფრო რბილია უცხოელი აგენტების მიმართ, ვიდრე სხვა ქვეყნებში:

„თუ განათლებული ადამიანები ამას ვერ ხედავენ, მაშინ, დიდი ალბათობით, ისინი ანგლო-საქსების წაქეზებით მოქმედებენ და საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ ორმაგი სტანდარტებია“, - თქვა ლუგოვოიმ.

რუსი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რუსოფობია იყო, მაგრამ ქართველ ხალხს რუსები მაინც არ სძულს.მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო იზიდავს რუს ტურისტებს.

„რუსებს უყვართ ქართული სამზარეულო, ქართული ღვინო, ქართული ღირსშესანიშნაობები და გარდა ამისა, ჩვენ ერთიანი მართლმადიდებლური რელიგია გვაერთიანებს. ახლა ქართველებს შესაძლებლობა ექნებათ შეადარონ, როგორ იქცევა რუსეთი ბოლო წლებში და როგორ იქცევიან ეს არამეგობრული ქვეყნები. ვფიქრობ, ახლა ამ ქვეყნის მოქალაქეები დაინახავენ უპატივცემულო დამოკიდებულებას მათ მიმართ და მათი სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა ლუგოვოიმ.