ევროკავშირში კვლავ აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობის მიერ ხელახლა ინიციირებულ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტს, რომელიც კრიტიკოსების აზრით გამოყენებული იქნება დამოუკიდებელი ხმების ჩასახშობად.

„მინდა ვთქვა გარკვევით: ეს კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭი უყარეს, არა თუ დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, არამედ პირიქით”, – განუცხადა „ევრონიუსს“ პარასკევს დილით ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

„ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო”, – დასძინა მან.

შარლ მიშელის თქმით, ის, რომ დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, „ფუნდამენტური” გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, ბრიუსელი ახლა თბილისისგან „მეტ პოზიტიურ სიგნალს” ელის.

ევრონიუსის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ახლა გაწევრიანების პროცესის გაყინვა, შარლ მიშელი პასუხობს, რომ ნებისმიერი განვითარება, რომელიც ევროკავშირის სტანდარტების საწინააღმდეგოა „ზეგავლენას“ მოახდენს იმაზე, თუ როგორ შეაფასებს ბრიუსელი განმცხადებლის შანსებს.

„გაფართოება არის დამსახურებაზე დამყარებული პროცესი და ეს ყველაფერი დაფუძნებულია იდეაზე, რომ კანდიდატი ქვეყნები, – ისინი, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება – პატივს უნდა სცემდნენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს“, – თქვა შარლ მიშელმა „ევრონიუსთან“ საუბრისას.

მისი თქმით: „თუ ისინი მხარს დაუჭერენ კანონპროექტებს, რომლებიც არ შეესაბამება ამ პრინციპებსა და ღირებულებებს, ეს გავლენას მოახდენს პროცესზე“.

euronewsgeorgia.com