„ჩვენ ვხედავთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტებს, გვაქვს კარგი დიალოგი და მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენ ბევრად უფრო გაუმჯობესებული თანამშრომლობა გვექნება, მათ შორის, ეკონომიკის მიმართულებით აშშ-სთან,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - თან ინტერვიუში.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მის ბოლო შეხვედრაზე აშშ - ს ელჩთან, რობინ დანიგანთან და აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო ორმხრივ თანამშრომლობას, თანამშრომლობის პერსპექტივებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს, მათ შორის, ეკონომიკის მიმართულებით.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ახალი ადმინისტრაცია ახალი პრიორიტეტებით, მიზნებით და ამოცანებით, მათ შორის, იდეოლოგიით, რომელიც სრულად თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების იდეოლოგიასთან, ღირებულებებთან და ხედვასთან. ეს წინაპირობები ქმნის კარგ საფუძველს იმისა, რომ ამაზე ავაშენოთ თანამშრომლობა და ის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და რომელიც, სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა, დააზიანა ჩვენი ურთიერთობები და გარკვეულწილად, დროში შეაფერხა ეს დინამიკა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აღდგება, განახლდება და იმედი მაქვს, რომ თვისებრივად და ხარისხობრივად ახალ ეტაპზეც შეიძლება გადავიდეთ. ამ ყველაფერს ვხედავთ, თუმცა ამას დრო სჭირდება - ახალ ადმინისტრაციას გააჩნია ძალიან ბევრი პრიორიტეტი. საქართველო არ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკა, გამოწვევები მსოფლიოში ბევრია და გამოწვევები, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატებსაც აქვს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამას სჭირდება დრო, რომ ეს დინამიკა ყველამ ერთად დავინახოთ, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ ინერციას, რომელიც წინა ადმინისტრაციის პერიოდიდან მომდინარეობს. „მეგობარი“ აქტი ამ ინერციის გაგრძელებაა. ეს აქტი, რა თქმა უნდა, არც მეგობარია, არც მეგობრული და საერთოდ, არ ჯდება მეგობრობის კონტექსტში,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ მოლოდინი აქვს, რომ „მეგობარი“ აქტი არ იქნება მიღებული. მისი თქმით, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამ აქტის მიღებას ეწინააღმდეგებიან და მხარს უჭერენ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის ეკონომიკური და არა მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებას, აღდგენას, გადატვირთვას და განვითარებას. „აქედან გამომდინარე, მეც იმედი მაქვს, რომ ეს აქტი საბოლოოდ არ იქნება მიღებული. მით უმეტეს, თუ შინაარსს ჩავხედავთ - ეს არის აბსოლუტურად იმ ინერციის, იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელიც წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო და საერთოდ არ არის თანხვედრაში და აბსოლუტურად აცდენილია ახალი ადმინისტრაციის ხედვებთან და პრიორიტეტებთან,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს