„თანამედროვე ენდოსკოპიის საშუალებით შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის სიმსივნის ადრეულ ეტაპზე ან სიმსივნის წინარე სტადიაზე აღმოჩენა“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ნიუჰოსპიტალსის“ ენდოსკოპისტმა, ზოგადმა ქირურგმა გიორგი გოგინაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა იმ პაციენტმა, რომლის პირველი რიგის ნათესავს ჰქონდა კუჭ-ნაწლავის სიმსივნე, აუცილებელია 40 წლის ასაკში უკვე ჩაიტაროს საპროფილაქტიკო კვლევა, რადგან ამ შემთხვევაში დაავადების რისკი მაღალია.
„კომერსანტი“ გიორგი გოგინაშვილს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეზე, მის დიაგნოსტიკაზე ენდოსკოპიით, დაავადების რისკ ჯგუფებსა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ესაუბრა.
- რომელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გავრცელებული სიმსივნეები?
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა კიბო ანუ ეპითელური ქსოვილიდან გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნე. ეპითელური ქსოვილი გვხვდება როგორც საყლაპავში, ასევე კუჭში და თორმეტგოჯა ნაწლავში, ფაქტობრივად მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ამოფენილია ეპითელური ქსოვილით, მისგან განვითარებული სიმსივნე კი იწოდება კიბოდ და ყველაზე ხშირად სწორედ ის გვხვდება. თუმცა ხშირია ასევე სტრომიდან განვითარებული სიმსივნეებიც.
- რამდენად მნიშვნელოვანია ენდოსკოპია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნის დიაგნოსტიკაში?
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნის დიაგნოსტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდია ენდოსკოპია, რადგან ვიზუალიზაციის სხვა მეთოდებმა მაგალითად როგორიც არის კომპიუტერული ტომოგრაფიამ, შეგვიძლია მიგვანიშნოს რომ ნაწლავში ან კუჭში არის მოცულობითი წარმონაქმნი, თუმცა ამაზე მეტის თქმა აღარ შეუძლია. რაც შეეხება ენდოსკოპიას, მისი საშუალებით შეიძლება პირდაპირ სიმსივნის დანახვა და ბიოფსიის აღება.
- სად არის ყველაზე ხშირად აღმოჩენილი სიმსივნეები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში?
სიმსივნე ყველაზე ხშირად გვხვდება მსხვილ ნაწლავში და კუჭში. შედარებით იშვიათად საყლაპავში. 12 გოჯაში კი ძალიან იშვიათად.
- ვინ მიეკუთვნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნის რისკ ჯგუფს?
ყველა ის პაციენტი, რომლის პირველი რიგის ნათესავს ჰქონდა კუჭ-ნაწლავის სიმსივნე, აუცილებელია რომ 40 წლის ასაკში უკვე ჩაიტაროს საპროფილაქტიკო კვლევა, რადგან ამ შემთხვევაში რისკი მაღალია.
კუჭ-ნაწლავის სიმსივნის რისკ ჯგუფებს ასევე მიეკუთვნება ალკოჰოლიკები, მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე პირები ანუ ნაკლებ აქტიურია ადამიანები, რაც იწვევს ყაბზობას. გარდა ამისა, ჩიფსების, გაზიანი სასმელების და შებოლილი პროდუქტების ძალიან ხშირი გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლოა განვითარდეს კუჭ-ნაწლავის სიმსივნე.
- როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი კვლევისთვის?
საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის გამოკვლევის დროს, პაციენტი კვლევამდე 8 საათი მშიერ-მწყურვალი უნდა იყოს. რაც შეეხება კოლონოსკოპიას, მის ჩატარებამდე პაციენტი რამდენიმე დღე უნდა იყოს სპეციალურ დიეტაზე, ხოლო უშუალოდ კვლევის წინა დღეს უნდა დალიოს ნაწლავის დამცლელი ხსნარი.
- მართალია თუ არა, რომ ენდოსკოპიის საშუალებით შესაძლებელია სიმსივნის I ან II სტადიის აღმოჩენა აბსოლუტურად უსიმპტომო პაციენტებში? და შესაძლებელია თუ არა ენდოსკოპიამ დააფიქსიროს მიკროსკოპული სიმსივნეები, რომლებიც ჩვეულებრივ მეთოდებით ვერ ვლინდება?
თანამედროვე ენდოსკოპიის საშუალებით სავსებით შესაძლებელია სიმსივნის I ან II სტადიის აღმოჩენა, რადგან ის რამდენიმე ათეულჯერ ადიდებს ორგანოებს და ის მინიმალური ცვლილებაც კი რომელიც რამდენიმემ კვირის წინ გაჩნდა, შეგვიძლია დავინახოთ და დავსვათ დიაგნოზი. აქ საუბარია მიკროსკოპულ სიმსივნეებზეც. I ან II სტადიის შემთხვევაში აბსოლუტურად უსიმპტომოა პაციენტი, ნუ გამონაკლისები არსებობს, მაგრამ ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ამიტომ საჭიროა დროული საპროფილაქტიკო კვლევა.
- რა სახის პრეპარატები ან ტექნოლოგიები გამოიყენება ენდოსკოპიურ კვლევებში სიმსივნის ზუსტი დიაგნოზის დასაყენებლად?
ენდოსკოპიური კვლევის დროს ხდება პაციენტის კუჭისა და საყლაპავი მილის დათვალიერება სინათლითა და კამერით აღჭურვილი მილის საშუალებით. ენდოსკოპია კეთდება როგორც ანესთეზიით, ასევე ანესთეზიის გარეშე. სიმსივნური წარმონაქმნის აღმოჩენის შემთხვევაში, ენდოსკოპიის დროს შესაძლებელია მისი მოჭრა და ბიოფსია.
- რა მნიშვნელობა აქვს ინოვაციურ, თანამედროვე ტექნოლოგიებს კვლევის პროცესში?
დღევანდელი თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების, მათ შორის ენდოსკოპიის მთელი არსი და ძირითადი დანიშნულება არის, რომ აღმოვაჩინოთ კუჭ-ნაწლავის სიმსივნის სტადიები ადრეულ ეტაპზე ან სიმსივნის წინარე სტადიები. სიმსივნის წინარე სტადიები არის უჯრედის გარდაქმნა სიმსივნედ ჩამოყალიბების გზაზე.
მაგალითად, „ნიუ ჰოსპიტალსში“ გვაქვს ძალიან თანამედროვე ენდოსკოპიური აპარატურა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია სიმსივნე წინარე მდგომარეობებში და სიმსივნე საწყის სტადიაშივე აღმოვაჩინოთ და მოვახდინოთ სწრაფი ჩარევა, რომ მოხდეს პაციენტის განკურნება.