„კიბო ადრეულ ეტაპზე განკურნებადია და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ადრეული დიაგნოსტირება“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ქირურგმა, ზოგადი ქირურგმა და ლაპაროსკოპისტმა ნოდარ ჩხიკვაძემ განაცხადა.მისი თქმით, ყოველწლიურად კუჭის კიბოთი  მსოფლიოში ერთ  მილიონამდე ადამიანი ავადდება.

„კომერსანტი“ ნოდარ ჩხიკვაძეს კუჭის კიბოს სიმპტომებზე, სკრინინგზე, მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ესაუბრა.

 

  • ა არის კუჭის კიბო და როგორ ვითარდება იგი?

  • კუჭის კიბო არის კუჭის ავთვისებიან სიმსივნე, რომელიც იზრდება კუჭის ლორწოვან გარსში, სიმსივნური წარმონაქმნი შესაძლოა განვითარდეს კუჭის ნებისმიერ მონაკვეთზე, სტატისტიკურად ყველაზე ხშირად ვითარდება კუჭის სხეულის მიდამოში. კუჭში სიმსივნის ზუსტი ლოკალიზაციის ცოდნას აქვს დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან სწორი მკურნალობის შერჩევისთვის და ქირურგიული  დაგეგმარებისთვის  ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია.

  • როგორია კუჭის კიბოს გავრცელების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში?

  • ყოველწლიურად კუჭის კიბოთი მსოფლიოში ავადდება ერთ  მილიონამდე ადამიანი. მამაკაცები  ქალბატონებთან შედარებით ავადდებიან ორჯერ უფრო ხშირად. აღნიშნულ კიბოს  მამაკაცებში უკავია მეოთხე ადგილი, ხოლო ქალბატონებში მეექვსე ადგილი.  ყველა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის კუჭის კიბოს კი სიკვდილიანობით მესამე ადგილზეა.

  • როგორია კუჭის კიბოს ადრეული სიმპტომები და ნიშნები?

  • როგორც წესი, კუჭის კიბოს ადრეულ ეტაპზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ ახასიათებს, რაც ართულებს მის გამოვლენას ადრელ ეტაპზე, დაავადების პროგრესირებას თან სდევს შემდეგი სიმპტომების განვითარება: სიმძიმის, დისკომფორტის და ტკივილის შეგრძნება კუჭის საპროექციო მიდამოში, მადის დაკარგვა, წონაში კლება, ყლაპვის გაძნელება, გულისრევა/ღებინება, გულძმარვა,

    ზოგადი სისუსტე.  კუჭის კიბოს გავრცელებული ფორმის შემთხვევაში შასაძლოა იყოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: ღებინება სისხლის მინარევით, მელენა, სიყვითლე,  პერიტონეუმის ღრუში სითხის ჩადგომა, ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა დაავადებითაც და არამხოლოდ კუჭის კიბოთი, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ თუ ადამიანს აქვს აღნიშნული სიმპტომები, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.  კუჭის კიბოს სიმპტომების დროს დაგვიანება და იგნორირება შეაფერხებს მკურნალობას და გახდება ნაკლებად ეფექტიანი.

  • რას მოიცავს კუჭის კიბოს სკრინინგი და რომელი ასაკიდან არის იგი რეკომენდებული  პაციენტებისთვის?

  • კუჭის კიბოს სკრინინგი მოიცავს ენდოსკოპიურ გამოკვლევას, ამ დროს ვიდეოგამოსახულების საშუალებით ხდება საყლაპავის, კუჭის და 12 გოჯა ნაწლავის ვიზუალური დათვალიერება, საეჭვო უბნიდან ბიოფსიური მასალის აღება და შემდგომში მისი მორფოლოგიური შესწავლა.  სკრინიგული გამოკვლევა უნდა ჩაიტარონ ადამიანებმა, რომელთაც აქვთ კუჭის კიბოს განვითარების რისკფაქტორები და კიბოსწინარე დაავადებები.

  • რა ფაქტორები უწყობს ხელს კუჭის კიბოს განვითარებას? არის თუ არა ეს დაავადება მემკვიდრეობითი?

  • კუჭის კიბოს აქვს მულტიფოკალური ეტიოლოგია და, რა თქმა უნდა, მისი ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი გენეტიკურ მემკვიდეობითია და დაახლოებით 10 %-ში გვხვდება მსგავსი ტიპის კუჭის კიბო, ადამიანები რომლებთანაც ოჯახურ ხაზში ფიქსირდება კუჭის კიბოს ანამნეზი, უნდა იყვნენ ყურადღებით ამ დაავადების მიმართ.

ასევე უნდა იყვნენ ყურადღებით ადაიანები რომელთაც აქვთ:

  • ჰელიკობაქტერ პილორით ინფიცირება;
  • ქრონიკული ატროფიული გასტრიტი და ნაწლავური მეტაპლაზია;
  • არაჯანსაღი კვება. ასევე ადამიანები, რომლებიც ხშირად იმყოფებიან დიეტაზე. კვლევებმა აჩვენა რომ ხილის და ბოსტნეულის მოხმარებას აქვს დამცავი ეფექტი კუჭის კიბოს განვითარებისგან;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • მძიმე ალკოჰოლის ან ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
  • ჭარბი წონა და სიმსუქნე;
  • ადამიანები, რომელთაც კუჭზე ჩატარებული აქვთ ქირურგიული ჩარევა ნებისმიერი არაონკოლოგიური პათოლოგიის გამო;
  • ასაკი და სქესი. კუჭის კიბოთი ყველაზე ხშირად ავადდებიან 50 -დან 70 წლამდე ადამიანები და უფრო ხშირად კაცები.

  • რა როლი აქვს კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს კუჭის კიბოს პრევენციაში?

  • როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არაჯანსაღი კვება და ცხოვრების არაჯანსაღი წესი წარმოადგენს კუჭის კიბოს განვითარებების რისკ ფაქტორებს. იმისთვის რომ მოვახდინოთ კუჭის კიბოს პრევენცია, მნიშვნელოვანია, გვქონდეს ჯანსაღი კვების რაციონი, მივიღოთ ხილი და ბოსტნეული, შევინარჩუნოთ სხეულის ნორმალური წონის ინდექსი და  დავკავდეთ ფიზიკური აქტივობებით.

  • როგორ და რა მეთოდებით ხდება კუჭის კიბოს მკურნალობა ნიუ ჰოსპიტალში ?

 

  • ნიუ ჰოსიტალსში კუჭის კიბოს მკურნალობის თითქმის სრული სპექტრია წარმოდგენილი. კუჭის კიბოს მკურნალობა კომპლექსურია და იგი მოიცავს ქირურგიულ მკურნალობას, ქიმიოთერაპიას, იმუნოთერაპიას. ზემოთ ჩამოთვლილი მკურნალობის ყველა მეთოდი განსხვავებულია. კუჭის კიბოს საწყის სტადიაზე მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია, ხოლო გავრცელებული ფორმის დროს მკურნალობის მეთოდი  კომბინირებულია.  მინდა აღვნიშნო, რომ ონკოლოგიურ დეპარტამენტში ხდება  თითოული ონკოლოგიური პაციენტის განხილვა, მათი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა  მულტიდისციპლინური ონკობორდის მიერ, რაც საერთაშორისო პრაქტიკაა.

რაც შეხება ქირურგიულ მკურნალობას, კლინიკაში ყოველდღიურად კეთდება ყველა სირთულის და მასშტაბის ოპერაციები, როგორც ტრადიციული მუცელკვეთით, ასევე ლაპაროსკოპიული მეთოდით, ქირურგიული მეთოდის შერჩევა ხდება ყველა პაციენტზე ჩვენების მიხედვით, ინდივიდუალურად.

  • რამდენად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტირება და როგორ შეიძლება  შეცვალოს ამან მკურნალობის შედეგები?
  • ვიტყოდი რომ არამარტო კუჭის კიბო, არამედ მთელი რიგი ონკოლოგიური პათოლოგიების ნაადრევი დიაგნოსტირება პირდაპირ პროპორციულია ადრეულ დიაგნოსტირებასთან და მკურნალობის კარგ შედეგებთან,

    გამონაკლისი შემთხვევების გარდა.  ჩემი, როგორც ქირურგი ონკოლოგის რჩევა იქნება, დავუთმოთ მეტი დრო ჩვენს ჯანმრთელობას, ყურადღება მივაქციოთ საწყის ჩივილებს და დროულად მივმართოთ  შესაბამის სპეციალისტს.

  • რა არის ყველაზე გავრცელებული მითები კუჭის კიბოს შესახებ, რომელთა შესახებ მნიშვნელოვანია პაციენტთა ინფორმირება?

  • ერთ-ერთი გავრცელებულია მითი, რასაც ყოველდღიურ პრაქტიკაშიც ხშირად ვხვდები, არის „კუჭის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია“. კუჭის კიბოს მქონე ზოგიერთ პაციენტს უტარდება ტოტალური გასტრექტომია, რაც ნიშნავს კუჭის სრულ ამოკვეთას და რეკონსტრუქციას. ოპერაციის შემდეგ პაციენტები ცხოვრებას ჩვეულებრივად აგრძელებენ.

  • გარემოს და ცხოვრების წესთან დაკავშირებული რა ცვლილებები შეგიძლიათ ურჩიოთ პაციენტებს კუჭის კიბოს რისკის შესამცირებლად?

  • იმისთვის, რომ კუჭის კიბოს განვითარების რისკი შევამციროთ, აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, ამოვიღოთ ან მინიმუმამდე დავიყვანოთ არაჯანსაღი საკვების გამოყენება, როგორიცაა - დამარილებული, შებოლილი, ნახევარფაბრიკატები, თერმულად დამუშავებული საკვები, წითელი ხორცი. მივიღოთ უფრო მეტი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული.

არა მხოლოდ კუჭის, არამედ სხვა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ უარი ვთქვათ თამბაქოს და მძიმე ალკოჰოლური სასმელების მოხმარებაზე.

ასევე, უნდა გავხსოვდეს, რომ კუჭის კიბო ადრეულ ეტაპზე განკურნებადია და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ადრეული დიაგნოსტირება, ამიტომაც მოვეკიდოთ ჩვენს ჯანმრთელობას მეტი ყურადღებით. სასურველია, რომ გარკვეული ინტენსივობით ჩავიტაროთ პროფილაქტიკური კვლევები და მცირე ჩივილების გამოვლენისასაც კი დროულად მივმართოთ შესაბამის ექიმს.