შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ბულგარეთიც შეუერთდება. იგი საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის და აზერბაიჯანის შემდეგ მეხუთე ქვეყანა იქნება, რომელიც მნიშვენლოვან პროექტში ჩაერთვება. ენერგეტიკოსებისთვის ეს  საინტერესო სიახლე აღმოჩნდა და ისინი ადასტურებენ, რომ ამით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. 

საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის მთავრობათას მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით ქალაქ ბუდაპეშტში მწვანე შუა კორიდორის მინისტერიალის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. სწორედ მინისტერიალზე იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება.

მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიარტო, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი იოან ბურდუჟა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი ჟეჩო სტანკოვი. საქართველოს მხრიდან სხდომას ასევე ესწრებოდნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი.

მინისტერიალის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ბულგარეთიც შეუერთდება.

„ჩვენ ერთად ვაყალიბებთ ენერგეტიკის მომავალს რეგიონში და ერთად მივაღწევთ საერთო მიზანს - სუფთა, დაკავშირებულ და უსაფრთხო ენერგეტიკულ მომავალს. ამისთვის გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და თანამშრომლობა, რომ ჩვენი გეგმები რეალურ ქმედებებად ვაქციოთ. გულწრფელ მადლობას ვუხდი პარტნიორ ქვეყნებსა და დაინტერესებულ მხარეებს აქტიური მხარდაჭერისთვის.

მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის ერთობლივ წერილს ევროკომისარ დან იორგენსენისთვის, რომელშიც ხაზგასმულია ევროკავშირისგან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მეტი მხარდაჭერის მნიშვნელობა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მწვანე ენერგეტიკული მომავლისთვის“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პროექტში ბულგარეთის მიერთებაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო, რასაც სპეციალისტები თავიდანვე მიესალმებოდნენ. როგორც ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ აღნიშნა, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის მშენებლობაში რაც უფრო მეტი ევროპული ქვეყანა ჩაერთვება, პროექტი მით უფრო სწრაფად განხორციელდება და უფრო საჭიროც გახდება.

"შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტში ბულგარეთიც რომ მიიღებდა მონაწილებას, ეს ადრეც ითქვა და ამაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს. ჩემი აზრით, ბულგარეთის მიერთება ძალიან კარგი სიახლეა. რაც უფრო მეტი ქვეყანა ჩაერთვება აღნიშნულ პროექტში, მით უკეთესი იქნება. ამ გზით, პროექტი უფრო სწრაფად განხორციელდება და უფრო საჭიროც გახდება”, - განუცხადა გია არაბიძემ.

შავი ზღვის კაბელის შესახებ მემორანდუმი 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა და თავდაპირველად მის ხელმომწერებს შორის იყვნენ: საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი. პროექტის კონცეფციის მიხედვით, აზერბაიჯანი და საქართველო ელექტროენერგიის მიმწოდებლები, ხოლო რუმინეთი და უნგრეთი მომხმარებლები იქნებიან. ახლა მათ რიგებს შეემატა ბულგარეთი.

კიდევ ერთი ენერგეტიკოსის მურმან მარგველაშვილის განცხადებით, ბულგარეთის პროექტში ჩართვამ მომავალში შესაძლოა, გაზარდოს თანამშრომლობის მაშსტაბები.

"ჩვენთვის ამ პროექტის მნიშვნელობა, სავარაუდოდ, განსაკუთრებულად არ შეიცვლება იმდენად, რამდენადაც პოლიტიკურად კარგია მეტი პარტნიორთან თანამშრომლობა და მჭიდრო კავშირი. ამან შესაძლოა, მომავალში გააფართოვოს შესაძლო თანამშრომლობის ჩარჩოები, მათ შორის ახალი პროექტები, მისი მოცულობა და სხვა. ბევრი დამატებითი შესაძლებლობა შეიძლება შეიქმნას და გაჩნდეს", - განაცხადა მურმან მარგველაშვილმა.

შავი ზღვის ელექტროკაბელმა ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით. შავი ზღვის ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტზე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩასატარებლად საქართველოს ელექტროსისტემის დაკვეთით კვლევა მაისში დაიწყო და 18 თვეში უნდა დასრულდეს.

წყარო: რეზონანსი