გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში - დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, ასევე, ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ნარჩენების წვის 3 ფაქტი გამოავლინეს - ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.

„სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვის მავნე პრაქტიკა საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას; იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას; ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას.

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა დასჯადია და ითვალისწინებს 500-ლარიან ჯარიმას. სამართალდარღვევის გარემოებებიდან გამომდინარე, სამართალდამრღვევს ჯარიმის სახით 1500 ლარისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდაც შეიძლება მოუწიოს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“ - ნათქვამია ინფორმაციაში.