ვაზიანის სამხედრო აეროდრომი რამდენიმე ათეული წლის წინ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო აეროდრომი იყო. მის მიმდებარედ, რამდენიმე კილომეტრში, დედაქალაქის დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაა. ამ ტერიტორიას საქართველოს თავდაცვის ძალები ხშირად იყენებდნენ სხვადასხვა ტაქტიკური სავარჯიშოს შესასრულებლად. სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე ტარდებოდა მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები,  მათ შორის ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლებები: „AGILE SPIRIT“ და „NOBLE PARTNER“.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი, ახლა ამ ადგილას, დედაქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 19 კილომეტრის მოშორებით, ახალი საერთაშორისო აეროპორტი უნდა აშენდეს. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს:  „2024 წელს საქაერონავიგაციამ უკვე დაასრულა ახალი აეროპორტის სანავიგაციო კვლევები, რაც უკვე საშუალებას გვაძლევს, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რაც გულისხმობს, უშუალოდ დიზაინის და გენერალური გეგმის განვითარების გეგმას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უშუალოდ არის ჩართული ამ პროცესებში და ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ იმ საჭირო კვლევებისა და მასალების მომზადებას რომელიც მნიშვნელოვანია – სტრატეგიულად სწორად განვავითაროთ თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი“.

ახალი აეროპორტის მშენებლობის პროცესში ჩართულია აზიის განვითარების ბანკი. ევრონიუს ჯორჯია დაინტერესდა, თუ რა ფორმითაა ჩართული  ის ამ ინფრასტრუქტურულ პროექტში.

„აზიის განვითარების ბანკს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან. 2024 წლის ოქტომბერში აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს დაუმტკიცა სესხი, რომლის ნაწილი მოხმარდება თბილისთან ახლოს დაგეგმილი ახალი აეროპორტის განვითარების დეტალურ, ტექნიკურ და ფინანსურ მოკვლევას, მათ შორის კერძო სექტორის ჩართულობისა და ინვესტირების შესაძლებლობების შეფასებას. მოკვლევის ფარგლებში ასევე მომზადდება რეკომენდაციები პარიზის კლიმატის შეთანხმებასთან თანხვედრისა და მშენებლობის პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანი სოციალური, გარემოსდაცვითი და გენდერული საკითხების გასათვალისწინებლად. პროექტი ასევე დააფინანსებს აეროპორტების გაერთიანების შესაძლებლობების გაზრდას აეროპორტების დაგეგმარებასა და მართვაში“, – აცხადებენ აზიის განვითარების ბანკში.

ვაზიანის სამხედრო აეროპორტის მიმდებარედ არაერთი ობიექტია, რომლებიც საქართველოს თავდაცვის ძალებს ეკუთვნის. ერთ-ერთი ასეთია უშუალოდ აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე, საბრძოლო მომზადების ქართულ-ამერიკული ცენტრი, რომელიც აეროპორტიდან 1.42 კილომეტრითაა დაშორებული.

აქვეა ვაზიანის პოლიგონი, რომლის შესასვლელი და სასროლეთები ძველი საფრენი ბილიკიდან 3.79 კილომეტრშია. ბატალიონის ზომის სწავლებების სასროლეთის დაშორება 7.44 კილომეტრია. ძველი აეროდრომის საფრენ ბილიკთან სატანკო სასწავლო მოედანი კი 8.7 კილომეტრითაა დაშორებული.

თავად მეოთხე ქვეითი და იქვე მდებარე საარტილერიო ბრიგადები კი დაახლოებით 6 კილომეტრის მანძილზეა.

„პოლიგონი არის მთელი კომპლექსი, სადაც არის სხვადასხვა ტიპის სასწავლო მიმართულებები და სასწავლო ველები. ვაზიანის პოლიგონი არის მეორე კატეგორიის პოლიგონი. ანუ მანდ შესაძლებელია ჩატარდეს ბატალიონის ზომის ქვედანაყოფისთვის სამხედრო სწავლებები”, – ამბობს ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევარი, ვახტანგ კაპანაძე.

სამხედრო მიმომხილველთა აზრით, ახალი აეროპორტი ახლოს მდებარე პოლიგონის ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად შეასუსტებს. ვაზიანის პოლიგონზე, სადაც მასშტაბური საარტილერიო სწავლებები, სატანკო წვრთნები, ბატალიონის ზომის ქვედანაყოფების მომზადება არტილერიისა და ავიაციის დახმარებით მიმდინარეობდა, ახლი აეროპორტის არსებობის შემთხვევაში იმავე მასშტაბით ვეღარ განხორციელდება:

„ქართველი არტილერისტები იყვნენ ყოველთვის გამორჩეულნი. თბილისის საარტილერიო სასწავლებელი იყო ერთ-ერთი საუკეთესო, მათ შორის საბჭოთა პერიოდში. დახურულ სამიზნეებზე, როდესაც არტილერისტი სამიზნეს ვერ ხედავს, მსროლელებშიც ვიყავით გამორჩეულები. ესეც დაკნინდება. არტილერიას თავისი ფუნქციები დააკლდება. ანუ ოსტატობა აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო მანამდე. არავის არ უღირს  ჩვენი არტილერისტების კარგი მომზადება, როდესაც ფულზე არის საუბარი“, – ამბობს  გიორგი ცხვიტავა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების მიმომხილველი.

ექსპერტები ამბობენ,  რომ პოლიგონზე სროლის  მიმართულებები ახალი აეროპორტის ტერიტორიიდან საპირისპირო, ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარესაა… მაგრამ, როდესაც პოლიგონზე ტანკიდან ჭურვს გაისვრიან, საარტილერიო ცეცხლი გაიხსნება, ან საავიაციო სწავლება გაიმართება დისკომფორტი აუცილებლად შეექმნებათ  სამ-ოთხ კმ-ში მყოფ ადამიანებს. გასათვალისწინებელია, რომ აეროპორტში უცხოელი ტურისტებიც იქნებიან.  შესაბამისად, პოლიგონის გაუქმება ან იმ სამხედრო მანევრების მასშტაბების შემცირება გახდება საჭირო, რომლებიც საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობისთვის, კერძოდ, კი მეოთხე ბრიგადისთვის, ასე მნიშვნელოვანია.

„დასავლეთიდან დედაქალაქს იცავს გორის ბრიგადა, ხოლო აღმოსავლეთიდან ერთადერთი შენაერთი არის ჩვენი მეოთხე ქვეითი ბრიგადა. (ახალი აეროპორტი) გაართულებს წვრთნების განხორციელებას. განსაკუთრებით ეს ეხება საარტილერიო და საავიაციოს. სტრატეგიული შეცდომა ერთი და სულ ზოგადად ოთხი ბრიგადა გვყავს, გამოვაკლოთ ნებისმიერი ერთი და ნახავთ რამდენად დასუსტებული ინება საქართველოს შეიარაღებული ძალები“, – ამბობს ვახტანგ კაპანაძე, ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“, მკვლევარი.

ცნობილია, რომ თბილისში, ვაზიანის ყოფილი სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე, ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა 2029 წელს უნდა დასრულდეს. ის  პირველ ეტაპზე, წლიურად, 10 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურება.

როგორც თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ახალი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ შეუქმნის ვაზიანის სამხედრო პოლიგონს არანაირ პრობლემას. თუმცა ახალი აეროპორტის მახლობლად მსხვილკალიბრიანი ქვემეხების გრუხუნი, ექსპერტთა აზრით,  ნამდვილად შეუთავსებელია.

წყარო: ევრონიუს ჯორჯია