მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის დაფინანსების პირობა დადო. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატები პარიზის შეთანხმებიდან გამოდის,
მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კლიმატის ფონდში თავის კონტრიბუციას აჩერებს, კონვენცია სრულ დაფინანსებას შეინარჩუნებს.
ცნობისთვის, მაიკლ ბლუმბერგი Forbes-ის მილიარდერთა სიის თანახმად, მსოფლიოში რიგით მე-16 ყველაზე მდიდარი ადამიანია. ამასთან, იგი გაეროს სპეციალური წარმომადგენელია კლიმატის საკითხებში.
საქმე ისაა, რომ გაეროს კლიმატის ორგანიზაციის ბიუჯეტს 200-მდე წევრი ქვეყანა ავსებს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის კონტრიბუცია ამ დრომდე ყველაზე მაღალი იყო და ბიუჯეტის 21%-ს შეადგენდა.
“უზომოდ ვაფასებთ Bloomberg Philanthropies-ის გულუხვ მხარდაჭერას და ლიდერობას, რომელსაც ბლუმბერგი ავლენს. ჩვენი მისიისთვის სამთავრობო დაფინანსებები კვლავ უმნიშვნელოვანესია, თუმცა მსგავსი კერძო კონტრიბუცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია გაეროს კლიმატის ცვლილების სამდივნოსთვის, რათა დავეხმაროთ ქვეყნებს პარიზის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში და შევქმნათ დაბალემისიებიანი, მდგრადი და უსაფრთხო მომავალი ყველასთვის”, - განაცხადა გაეროს კლიმატის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა.
დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატები პარიზის შეთანხმებას, რომელიც ქვეყნებში მწვანე ინიციატივების დანერგვასა და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებას ისახავს მიზნად, უკვე მეორედ გამოთიშა. პირველად, 2017 წელს, პრეზიდენტობის პირველი ვადის ფარგლებში, რის შემდეგაც წევრობა მომდევნო პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღადგინა.
Bloomberg Philanthropies-ის ინიციატივას კლიმატის სხვა ამერიკული ორგანიზაციებიც უერთდებიან და მზად არიან, გაეროს კლიმატის კონვენციაში აშშ-ის კონტრიბუცია ერთად შეავსონ. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა თანხების გამოყოფაზეა საუბარი ბლუმბერგის მხრიდან. თუმცა მილიარდერმა ბიზნესმენმა პირობა დადო, რომ ის შტატებთან და კომპანიებთან ერთად იმუშავებს, რათა შეერთებული შტატები გლობალური ვალდებულებების ერთგული დარჩეს.
წყარო: bm.ge