ახლახან თბილისში, სანზონაში, მე-9 სართულიდან ლიფტი უმართავი სიჩქარით ძირს დაეშვა და მასში მყოფმა ექვსმა კაცმა სიკვდილს ჩახედა თვალებში. ლიფტი სატვირთო იყო და გაცილებით მეტ ტვირთზე გათვლილი... სამი წლის წინ, ვარკეთილში ცოლ-ქმარმა ლიფტი გამოიძახა და ლიფტის კარი კაბინის მოსვლის გარეშე გაიღო, ცოლ-ქმარი ცარიელ შახტში ჩავარდა და დაიღუპა... რამდენიმე წლის წინ ბახტრიონის ქუჩაზე მოწყვეტილ ლიფტში დაშავებულ მოზარდს, მოტეხილობების გამო, ოპერაციის გაკეთება დასჭირდა... ლიფტების უსაფრთხოების ექსპერტის მამუკა ბერაძის თქმით, ლიფტები ისეთივე სატრანსპორტო საშუალებაა, როგორიც გადაადგილების სხვა საშუალებები. აქ მომხდარი ავარიების გამო სფეროს კონტროლში, საზოგადოებასთან ერთად, სახელმწიფოც უნდა მონაწილეობდეს.
- ბატონო მამუკა, ძველი ლიფტები ახლით იცვლება, მაგრამ ამის მიუხედავად იმატა ლიფტების მოწყვეტის შემთხვევებმა.
- სამწუხაროდ, მოშლილია ლიფტების კონტროლის მექანიზმი ლიფტების შეძენიდან მისი მუშაობის ჩათვლით. ჩვენს ქვეყანაში არაერთი სფეროა მოშლილი, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ სიცოცხლესთან დაკავშირებული ეს პრობლემა სახელმწიფო მექანიზმით არ კონტროლდებოდეს. რა თქმა უნდა, ამხანაგობებსა და კორპუსის მობინადრეებთან ერთად და არა ისე, რომ ხალხმა ხელი აიღოს ლიფტების პატრონობაზე.
ტერმინი - "ლიფტის მოწყვეტა" არ ნიშნავს იმას, რომ ამ დროს ყველა ბაგირი წყდება და ლიფტის კაბინა შახტში ენარცხება. ტერმინ "ლიფტის მოწყვეტაში" იგულისხმება ის, რომ რომელიმე მექანიზმის გაუმართაობის გამო ლიფტი მომენტალურად იწყებს სწრაფ, თითქოს უმართავ დაშვებას და ეს კაბინაში მყოფთათვის სიკვდილთან ასოცირდება. შემდეგ კი, როდესაც ასევე წამების შემდეგ ლიფტში საავარიო მუხრუჭები ამოქმედდება და ლიფტი ძალიან მკვეთრად დამუხრუჭდება, შესაძლოა მგზავრი ისეთი ძალით დაეცეს კაბინის იატაკზე ან შეეხეთქოს ლიფტის კედლებს, რომ ამან მოტეხილობები ან სხვა ტრავმები გამოიწვიოს.
საბჭოთა ამორტიზებული და ვადაგასული ლიფტები საგანგაშოა და ყველა მათგანი გამოსაცვლელია. თუმცა ზოგიერთი რესურსი მათ გაცილებით მეტი ჰქონდათ, ვიდრე ახალ ლიფტებს. რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ გახშირდა ახალი ლიფტების მოწყვეტა, ლიფტები, რომლებსაც მთელ მსოფლიოში სხვადასხვა კომპანია აწარმოებს, ცხადია, ხარისხით ერთნაირი არ არის. საერთაშორისო ბაზარზე არიან ლიფტების მწარმოებელი მაღალბიუჯეტიანი ბრენდები და მათ წარმოებულ ლიფტებში მექანიზმის გაუმართაობა ძალზე იშვიათია; ასევე არსებობს დაბალბიუჯეტიანი კომპანიები, რომელთა ლიფტების რესურსი (სენსორები, პლატები და ა.შ.) მაღალბიუჯეტიან ნაწარმთან არის გატოლებული, სადაც ლითონიც მაღალი ხარისხისაა და ელექტრონული, სენსორული სისტემაც. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაბალბიუჯეტიანი კომპანიები სიცოცხლის რისკზე მუშაობენ და აუცილებლად გაუთვალისწინებელი რამ მოხდება. მათ პროდუქციაში შეიძლება იყოს დაბალხარისხიანი რესურსი, რომელიც მალე გამოდის მწყობრიდან. იქნება ეს ელექტრონული, პროგრამული კონტაქტები თუ სხვა რამ, რაც იწვევს ე.წ. ლიფტის მოწყვეტას.
საფრთხის თავიდან ასაცილებლად ყველა ლიფტი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს შეძენისას ან მონტაჟის მომენტში. თანამედროვე ლიფტებს რამდენიმე ტიპის მუხრუჭი აქვთ. მათ შორის არის ელექტრონული და მექანიკური მუხრუჭები და ზოგიერთი მათგანის შემოწმება მხოლოდ ლიფტის მუშაობის დროს ხდება. ცხადია, მხოლოდ ეს პროცედურები არ არის საკმარისი, რადგან ლიფტის კონტროლი კანონმდებლობით, სულ მცირე, თვეში ერთხელ მაინც უნდა ხდებოდეს, შემდეგ კი ყოველ სამ წელიწადში აუცილებელია ლიფტის სრული შემოწმება. თუ ამ დროს დადგინდა, რომ რომელიმე მექანიზმი ავარიულია, ლიფტი დაუყოვნებლივ უნდა გაჩერდეს და დაილუქოს.
- ზოგიერთი სამშენებლო კომპანია დაბალბიუჯეტიან ლიფტებს ყიდულობს. მაგალითად, ბოლო დროს მოსახლეობა სწორედ ამიტომ მიადგა საპროტესტოდ ერთ ცნობილ სამშენებლო კომპანიას, რომლის დამონტაჟებული ლიფტებიც მოწყდა.
- ლიფტების უმრავლესობის კონტროლი არაპროფესიონალების ხელშია. როდესაც ამ საქმის შესწავლას სამი წელიწადი მაინც სჭირდება, ჩვენში მას სამთვიანი ან ექვსთვიანი ვადით ასწავლიან. ამ დროს თანამედროვე ლიფტები ურთულესი კომპიუტერული სქემებია, რომლებთან მუშაობაც მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს.
- ქვეყანაში ლიფტების მომსახურე რამდენიმე ლიცენზირებული კომპანიაა. თუმცა, მათი თქმით, მოსახლეობა მათთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს, ინდივიდულურ პირს ქირაობს.
- როდესაც რომელიმე კომპანია სადარბაზოს ლიფტის მომსახურებაზე ყოველთვიურ 400 ლარს აწესებს, მოსახლეობის უმეტესობა ვერ გადაიხდის. მით უფრო, როდესაც სადარბაზოებში ბინების ნაწილი დაკეტილია. ამიტომაც ირჩევს ხალხი ინდივიდუალურ პირს მომსახურებისთვის. ჩვენში ეს საქმე სადარბაზოს ერთ-ერთ ინიციატივიან მობინადრეზეა მინდობილი. ისიც ლიფტის ამბავს იმ შემთხვევაში მოიკითხავს, თუკი ნახა, რომ აღარ მუშაობს. განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფო პირდაპირ ავალდებულებს ამხანაგობას, რომ ლიფტის მომსახურებაზე ხელშეკრულება სერტიფიცირებულ კომპანიასთან დადოს; კომპანია ვალდებულია თვეში ორჯერ ან ერთხელ მაინც მივიდეს შესამოწმებლად, დაზეთოს და გააკონტროლოს ლიფტის მექანიზმები. სამ წელიწადში ერთხელ კი ლიფტის შესამოწმებლად მიდის სახელმწიფო ან დამოუკიდებელი ინსპექტორი.
საბჭოთა პერიოდში ლიფტების მომსახურებაზე ყველა კორპუსში 24 საათის განმავლობაში იჯდა სპეციალისტი, რომელსაც ავარიისას ხალხი ლიფტიდან გამოჰყავდა და ავარიის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებდა შესაბამის სამსახურს. ვინაწილებ იმ ემოციურ შოკს, რასაც მგზავრები ლიფტის მოწყვეტისას განიცდიან, მით უფრო, სანამ მაშველები მოვლენ დასახმარებლად, შესაძლოა საათებიც გავიდეს. ამიტომ ლიფტების კონტროლში სახელმწიფოს თანამონაწილეობის საკითხი ძალიან მკაცრად უნდა დადგეს.