პარლამენტს „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეაქვს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების გზისპირა ზონის არეალის 100 მეტრიდან 200 მეტრამდე გაზრდას შეეხება.
„საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების გზის ღერძიდან ორივე მხარეს, გზისპირა ზონის არეალი 200 მეტრით განისაზღვრება. შესაბამისად, იმ ტერიტორიაზე, რომელიც აღნიშნულ ზონაში მოექცევა, ნებისმიერი სახის საქმიანობა დასაშვები იქნება მხოლოდ გზის მფლობელთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს კონკრეტულად რომელი საავტომობილო გზის მონაკვეთისთვის იმოქმედებს აღნიშნული ნორმა და ასევე, რა ტიპის საქმიანობაზე გავრცელდება წინასწარი შეთანხმების ნორმა“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.