თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ კვლავ დააჯარიმა, კომპანიას ჯარიმა სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შესრულების ვალდებულების დარღვევისთვის დაეკისრა.
სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული, 14 სექტემბრით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, ჯარიმის ოდენობა 1 583.34 ლარია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 13 სექტემბერს, 19:51 საათზე ჩატარებული ინსპექტირებისას, რუსთაველის გამზირის ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა.
მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ კომპანიას აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოების უწყვეტ რეჟიმში წარმოება 28 ივლისიდან დაევალა.
მორიგი სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ს შეადგენს. მთლიანად ხელშეკრულების ღირებულება 7.916 მილიონი ლარია.
ეს „სმარტ სოლუშენსის“ მეხუთე დაჯარიმებაა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში. კომპანია იმავე დარღვევისთვის მერიამ 24 და 30 ივლისს, ასევე 11 და 26 აგვისტოსაც დააჯარიმა. თითოეულ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 1 583 ლარი იყო.
შპს „სმარტ სოლუშენსი“ სამეწარმეო რეესტრში 2015 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორები ლევან გოგსაძე და გურამ კეკუა არიან, ხოლო 100%-იან წილს ლევან გოგსაძე ფლობს.
მიმდინარე წელს კომპანიამ მონაწილეობა 8 სახელმწიფო შესყიდვაში მიიღო, თუმცა ამ დრომდე არცერთ ტენდერში გამარჯვებული არ გამხდარა.
რუსთაველის გამზირის ცენტრალური მონაკვეთის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და სამუშაოების დასრულება ნოემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. პროექტის ღირებულება 19.761 მილიონი ლარია, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული „სმარტ სოლუშენსი“ ახორციელებს.
გარდა ამისა, ცალკე ტენდერია გამოცხადებული რუსთაველის გამზირის ტროტუარების რეაბილიტაციაზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 7.808 მილიონ ლარს შეადგენს.