რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ თბილისის მერიამ კიდევ ერთხელ დააჯარიმა. ამჯერად სანქციის მიზეზი სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შესრულების ვალდებულების დარღვევა გახდა. მერიის მონიტორინგის სამსახურმა დარღვევა ჭოველიძის ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ „მერანამდე“ არსებულ მონაკვეთზე გამოავლინა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე 18 ნოემბერს გამოქვეყნებული საჯარიმო წერილის მიხედვით, კომპანიას 1 334 ლარის გადახდა დაეკისრა.
დოკუმენტის თანახმად, ხელშეკრულების პირობებით, კომპანიას მ. კოსტავას ქუჩისა და შ. რუსთაველის გამზირის მონაკვეთზე, თ. ჭოველიძის ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ „მერანამდე“, სამუშაოები უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში უნდა ეწარმოებინა. თუმცა, 2026 წლის 16 ნოემბერს, 23:10 საათზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გაირკვა, რომ ობიექტზე სამუშაოები აღნიშნულ რეჟიმში არ მიმდინარეობდა.
„დაგევალათ ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, მ. კოსტავას ქუჩის და შ. რუსთაველის გამზირის (თ. ჭოველიძის ქუჩიდან - სავაჭრო ცენტრ ,,მერანამდე’’) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება 24 საათიან რეჟიმში (ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.5 პუნქტის შესაბამისად), თუმცა, 2026 წლის 16 ნოემბრის ინსპექტირების აქტიდან (ინსპექტირების განხორციელების დრო - 23:10 საათი) ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ ობიექტზე, სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა“, - ნათქვამია საჯარიმო წერილში.
აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიისთვის პირველი მსგავსი სანქცია არ არის. 2026 წლის 23 ივლისიდან დღემდე „სმარტ სოლუშენსს“ ფულადი ჯარიმა უკვე 20-ჯერ დაეკისრა, ჯამურმა მოცულობამ კი 27 ათას ლარს გადააჭარბა.