ევროკავშირი ცენტრალური აზიის მიმართულებით ალტერნატიული სავაჭრო და ლოგისტიკური მარშრუტების განვითარებას პრიორიტეტად განიხილავს. ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფანი, რომლის სრული პოტენციალის ასათვისებლად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) შეფასებით, 18.5 მილიარდი ევროს ინვესტიციაა საჭირო. ამის შესახებ Report.az ანალიტიკური სააგენტო UkrAgroConsult-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

შუა დერეფანი, იგივე ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, კასპიის ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის გავლით აზიას ევროპასთან აკავშირებს. მარშრუტის სარკინიგზო მონაკვეთის სიგრძე 4 256 კილომეტრია, ხოლო კასპიის ზღვის საზღვაო მონაკვეთი 508 კილომეტრს შეადგენს. ტვირთის გადაადგილების პროცესში სულ მცირე შვიდი გადატვირთვის ოპერაციაა საჭირო. ამჟამად დერეფნის წლიური გამტარუნარიანობა დაახლოებით 3.3 მილიონ ტონად არის შეფასებული.

ნიდერლანდური საკონსულტაციო კომპანია Panteia-ს ექსპერტების პროგნოზით, 2030 წლისთვის დერეფნის გამტარუნარიანობა 11 მილიონ ტონამდე შეიძლება გაიზარდოს. ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინვესტიციები და მარშრუტის მართვის გაუმჯობესება. არსებული შეფასებით, ევროკავშირის Global Gateway-ის პროგრამის ფარგლებში საჭირო დაფინანსებიდან დაახლოებით 10 მილიარდი ევროს მობილიზება შეიძლება მოხერხდეს.

დერეფნის განვითარების მიმართ ევროპის მზარდ ინტერესს მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის საჭიროებაც განაპირობებს. Panteia-ს მონაცემებით, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებებზე დაყრდნობით, ჩინეთზე იშვიათი მიწა ლითონების გლობალური გადამუშავების სიმძლავრის დაახლოებით 92% და ბატარეებისთვის საჭირო გრაფიტის წარმოების 92% მოდის. ამ ფონზე ევროპა ცდილობს შეამციროს ერთ ბაზარზე დამოკიდებულება და გააძლიეროს ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტები.

ექსპერტების შეფასებით, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას მხოლოდ ტრანსპორტირების სისწრაფე არ განსაზღვრავს — გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მიწოდების საიმედოობას, სასაზღვრო პროცედურების გამარტივებასა და ინფრასტრუქტურის ეფექტიან მართვას. მარშრუტის განვითარება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო მონაკვეთზე მდებარეობს და მისი პორტები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაადგილებაში მონაწილეობს.