რუსთავში 1500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული და კულტურული კომპლექსის პროექტირება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, 182 351 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება მრავალფუნქციური სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი სივრცე.
რუსთავის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტს შპს „ხმალაძე არქიტექტორები“ შეიმუშავებს, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მისი მოცულობა 5 590 368 ლარია.
კომპანიის ინფორმაციით, კომპლექსი მოიცავს კულტურულ სივრცეებს, მრავალფუნქციურ დარბაზს, საცურაო აუზებს, ფეხბურთის, ჩოგბურთის, საბრძოლო ხელოვნებებისა და სხვა სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილ შიდა და გარე მოედნებს, ასევე ფიტნეს დარბაზს და სხვა ფუნქციურ სივრცეებს.
„ჩვენი გამარჯვებული საკონკურსო პროექტი ითვალისწინებს, ქალაქ რუსთავში, არსებული ჭალის ტერიტორიის მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსად გარდაქმნას.
კომპლექსი წარმოადგენს მოცულობების ერთიან კომპოზიციას, რომელიც ხელოვნური მწვანე ბორცვებით არის შემოსაზღვრული და არსებულ ლანდშაფტში ინტეგრირდება. მოდულური სისტემა პროექტს სხვადასხვაგვარ რელიეფთან ადაპტაციისთვის მოქნილობას სძენს და ეტაპობრივი მშენებლობის შესაძლებლობას იძლევა. კომპლექსი მოიცავს კულტურულ სივრცეებს, მრავალფუნქციურ დარბაზს, საცურაო აუზებს, ფეხბურთის, ჩოგბურთის, საბრძოლო ხელოვნებებისა და სხვა სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილ შიდა და გარე მოედნებს, ასევე ფიტნეს დარბაზს და სხვა ფუნქციურ სივრცეებს. ამგვარად, საპროექტო მოცულობების ლანდშაფტთან ინტერგრირებული განლაგების მქონე კომპლექსი ქალაქის ძველ და ახალ ნაწილებს შორის მდებარე, დიდი ხნის განმავლობაში გამოუყენებელ რეკრეაციულ ბირთვს კვლავ აკავშირებს ქალაქსა და მის მცხოვრებლებთან.
პროექტი პასუხობს მუნიციპალიტეტის მიზანს — შეინარჩუნოს ტერიტორიის რეკრეაციული იდენტობა და ამავდროულად შექმნას სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ახალი ცენტრალური კერა ქალაქში, რომელსაც ამ მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტი ამჟამად არ გააჩნია.
კომპლექსის კულტურულ-შემეცნებითი ნაწილი მოიცავს მედიათეკა-ბიბლიოთეკას, სხვადასხვა ღონისძიებისთვის განკუთვნილ სივრცეებსა და ადმინისტრაციულ ბლოკს. ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია ავტოსადგომის, საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და უსაფრთხოების სისტემების მოწყობა“, - წერია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის მშენებლობის საორიენტაციო ბიუჯეტი 60 მილიონი ლარია. აღნიშნული თანხა ითვალისწინებს ძირითადი შენობის მშენებლობას, საჭირო სამუშაოებს, მასალებს, აღჭურვილობასა და შრომით ხარჯებს, თუმცა არ მოიცავს ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გარე სპორტული მოედნების მოწყობის ხარჯებს.




