ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორ ლაშა აბაშიძესთან ერთად, ბათუმის სარკინიგზო სავაგონო დეპოში ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და სამუშაო პროცესებს გაეცნო.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის როლზე სარკინიგზო, ინტერმოდალური და მულტიმოდალური გადაზიდვების ზრდის კუთხით. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შუა დერეფნის მარშრუტზე მოთხოვნა მზარდია, რასაც შესაბამისი სტატისტიკური მაჩვენებლებიც ცხადყოფს.
„2025 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში შუა დერეფანზე, ჩინეთიდან და ჩინეთის მიმართულებით საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 12,721 TEU, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.9%-ით მეტია (9,095 TEU). „აღნიშნული მაჩვენებლები მიუთითებს რომ აღნიშნულ დერეფანში სატვირთო გადაზიდვები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. რკინიგზის მოდერნიზაციის და გამტარუნარიანობის გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილი რეფორმის კვალდაკვალ, შუა დერეფანი კიდევ უფრო დიდი ეკონომიკური დოვლათის მომტანი გახდება ქვეყნისთვის,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, 2025 წლის იანვარი - სექტემბრის პერიოდში რკინიგზით იმპორტის რეჟიმში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 2.5 მლნ. ტონა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.8%-ით მეტია (2.2 მლნ. ტონა). მისი თქმით, საგრძნობი მატება დაფიქსირდა, მათ შორის, რკინიგზით გადაზიდულ კონტეინერების რაოდენობაში, კერძოდ, 2025 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში რკინიგზით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 79,239 TEU, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.3%-ით მეტია (67,573 TEU).
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს