ქალაქს გააჩნია იმდენი საპარკინგე ადგილი, რამდენის გამტარუნარიანობაც გააჩნია, - ამის შესახებ bm.ge-ის თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, 9 თვეში ქალაქს უკვე დაემატა 1600 საპარკინგე ადგილი.

„წელს 9 თვეში დაემატა 1600 საპარკინგე ადგილი და გაუქმდა როგორც მახსოვს - 120, ქალაქს გააჩნია იმდენი საპარკინგე ადგილი, რამდენის გამტარუნარიანობაც გააჩნია. პარკირების დამატება გამოიწვევს ავტომობილების კიდევ უფრო წახალისებას და კიდევ უფრო გაუვალი გახდება, ვინაიდან პარკირება წარმოშობს ე.წ. მიზიდულობის ადგილებს. სადაც არსებობს ამის შესაძლებლობა, ადგილები ემატება. ეს არის ფაქტი. მარტო 2024 წლის 9 თვეში 1600 საპარკინგე ადგილი დაემატა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვეძებთ პარკირების ადგილებს, თუ სად დავამატოთ.

თუ ვიცით, რომ იმ ადგილას საპარკინგე სივრცის შექმნა არ გამოიწვევს დამატებით მიზიდულობას, ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევუქმნათ კომფორტი. თუმცა თუ ეს გამოიწვევს დამატებითი მიზიდულობის ადგილების შექმნას, ამ შემთხვევაში საჯარო ინტერესი გაცილებით პრიორიტეტულად ითვლება, ვიდრე ერთი კონკრეტული, ან თუნდაც 100 ავტომობილის მფლობელის ინტერესი”, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

bm.ge