ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში რომ განხორციელებულიყო, ახლა ანაკლიაში პორტის პირველი ფაზა დასრულებული იქნებოდა და შესაძლებელი იქნებოდა გემების მიღება. აშენებული იქნებოდა ახალი ქალაქი, ანაკლია სითი, სადაც იქნებოდა თავისუფალი სავაჭრო ზონა, ასევე აშენებული იქნებოდა ახალი სარკინიგზო ხაზი.

2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ანაკლიაში პორტი არ არის აშენებული. უფრო მეტიც, გამოვლენილია ანაკლიის პროექტის ტენდერში გამარჯვებული ჩინური კონსორციუმი, რომელთან ხელშეკრულების გაფორმების თარიღიც ერთი წელია გამუდმებით იცვლება.

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ, რა ეტაპზეა ანაკლიის ღრმაწყლოვაბი პორტის პროექტი, რა სამუშაოებს ასრულებს პორტის ასაშენებლად სახელმწიფო და რას ფიქრობენ ყოფილი ინვესტორები ამ პროექტზე.

  • რა ხდება ახლა ანაკლიაში

ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 14 აპრილს გაავრცელა, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები [მობილიზაცია] აქტიურ ფაზაშია“.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობას, კერძოდ ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის დაღრმავებას და „ტალღმტეხელის“ მოწყობის სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. [იან დე ნულ ენ ვი] ასრულებს. ამ კომპანიამ საერთაშორისო ტენდერში ერთობლივი საწარმოს სახით გაიმარჯვა.

ანაკლიაში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ ახორციელებს.

შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ სახელმწიფომ 2023 წელს დააფუძნა. კომპანიის მიზანი საწყის ეტაპზე საზღვაო ინფრასტუქტურის პროექტირება/მშენებლობაა. კერძოდ, სახელმწიფო კომპანია ანაკლიაში ფსკერდაღრმავების სამუშაოებს ასრულებს.

„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი, ზურაბ სიჭინავა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ ვიდეო-რგოლში, რომელიც 17 აპრილს გამოქვეყნდა, საუბრობს, რომ ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

„საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემის მიღების თარიღად 2029 წელი, საკმაოდ მოზომილი თარიღი გააჟღერა. სამუშაოების ინტენსივობა და აქტივობა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ უფრო მალე შევძლებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემის მიღებას“, –  ამბობს ზურაბ სიჭინავა აღნიშნულ ვიდეოში.

ამავე ვიდეოდან ირკვევა, რომ 2025 წლის ბოლომდე იგეგმება 350 მეტრი ტალღმტეხელის მოწყობა ზღვაში.

  • სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის ძიება საქართველოს მთავრობამ ძველი ინვესტორების პროექტიდან ჩახსნის შემდეგ დაიწყო. კერძოდ, 2022 წლის მეორე ნახევარში გამოაცხადა ახალი შესარჩევი პროცესი ანაკლიის პროექტისთვის ახალი კერძო პარტნიორის შესარჩევად.

2024 წლის მაისში საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd გამოვლინდა, თუმცა შესაბამისი ხელშეკრულება დღემდე არაა გაფორმებული.

2025 წლის 8 აპრილს „ქართული ოცნების“ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ჯერ არ გადაუციათ ჩინური კონსორციუმისთვის.

„ინვესტორის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, ჯერ არ დასრულებულა და არავისთვის არაფერი არ გადაუციათ“, – თქვა ლევან დავითაშვილმა.

15 აპრილს ლევან დავითაშვილი სიტყვით გამოვიდა ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა და ახალი შესაძლებლობები მიმოიხილა.

ლევან დავითაშვილმა საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა და თქვა, რომ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება“.

„ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არ ველოდოთ ინვესტორებს და სახელმწიფომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა შექმნას. ჩვენ თანმიმდევრულად ვავითარებთ პორტს – ამ ინფრასტრუქტურის შექმნის შედეგად გვექნება ბევრად უფრო ხელსაყრელი პირობები, რომ ვესაუბროთ პარტნიორებს. პარტნიორი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი, სხვადასხვა ტიპის პროფესიონალი, კომპანია, რომელიც კომპლექსურ ეკოსისტემას ანაკლიის პორტის გარშემო ჩვენთან ერთად განავითარებს. მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება კონკურენტუნარიანი, ხარისხიანი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სხვა ალტერნატივებთან შედარებით უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გავხდებით და გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ ტვირთნაკადების ჩვენ დერეფანში დამაგრებას მოვახერხებთ,“ – თქვა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის გამოსვლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა. პრესსამსახურის ცნობით, დავითაშვილმა ასევე თქვა:

„მიუხედავად იმისა, რომ პორტში პირველი გემების შემოსვლის თარიღად 2028 წელი იყო დასახელებული, შესაძლებელია, ანაკლიის ნავსადგურმა გემების მიღება 2027 წლის ბოლოსაც შეძლოს“.

შეჯამებისთვის, სამინისტროს მიერ ორდღიანი სხვაობით გავრცელებულ ორ სხვადასხვა ინფორმაციაში, ანაკლიაში პირველი გემის შესვლის თარიღად ორი სხვადასხვა დრო დასახელდა.

  • როგორ ხედავს ანაკლიის პროექტს ADC-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის – ADC” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს, 2017 წლის 24 დეკემბერს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო).

საქართველოს მთავრობამ – გიორგი გახარიას პრემიერობისას, 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.

„ბათუმელები“ ესაუბრა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, იურისტ თედ ჯონასს, რომელიც პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე იყო ჩართული და კარგად იცნობს იმ წინაღობებს, რომელიც ანაკლიის, როგორც „საქართველოში ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტის“ განვითარებას აქვს.

თქვენი აზრით, რა ფაქტორები უშლის ხელს დღეს ანაკლიის პორტის იდეის განხორციელებას? – ვკითხეთ თედ ჯონასს.

თედ ჯონასი: „2016 წელს პროექტის განსახორციელებლად შერჩეულმა კომპანიამ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC), ანაკლიის პორტის განვითარებაში თითქმის 80 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო, რაც მოიცავდა ნავსადგურის სრულ დრენაჟს, ხმელეთის მხრიდან სამოქალაქო საინჟინრო სამუშაოებს და ყველა საჭირო გარემოზე ზემოქმედებისა და დაგეგმარების კვლევას.

ADC-ის შვილობილმა კომპანიამ ასევე შეიძინა და დღემდე ფლობს პორტის მიმდებარე 500 ჰექტარ მიწას სპეციალური ეკონომიკური ზონის, ანაკლია სიტის, განვითარებისთვის.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის [ADC] მიერ პორტზე გაწეული ყველა სამუშაო, ფაქტობრივად, უგულებელყო საქართველოს მთავრობამ, როდესაც მან ADC-თან 2020 წლის იანვარში საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა.

მას შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, ქართველი ხალხისადმი მრავალი დაპირების მიუხედავად, ყველა ჯერზე ჩააგდო ახალი ინვესტორის პოვნა ანაკლიის პორტის განვითარებისთვის.

მთავრობამ ბიუჯეტში გამოყო თანხები გარკვეული მცირე სამუშაოების შესასრულებლად. მაგალითად, როგორიცაა სამოქალაქო სამუშაოები პორტის სახმელეთო ნაწილზე და ჰიდროლოგიური ტესტები. თუმცა, ამან მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწია.

პორტის მშენებლობის მთავარი დაბრკოლება დღეს ის არის, რომ მთავრობა ან არაკომპეტენტურია, ან განზრახ ვერ ასრულებს ამ ამოცანას.

დღეისათვის ცხადია, რომ ანაკლიის პორტის აშენება შეუძლებელია მანამ, სანამ ფოთის პორტის მომავალი არ გაირკვევა – გადაწყვეტილება მთლიანად მთავრობის ხელშია – მთავრობა უარს ამბობს ამ საკითხის მოსაგვარებლად რაიმე ნაბიჯის გადადგმაზე.

სანამ “ეიპიემ ტერმინალ ფოთი APMT” აქვს შანსი, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის აშენების ნებართვა მიიღოს, არცერთი სერიოზული ინვესტორი არ ჩადებს ინვესტიციას ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს იურიდიული უფლებამოსილება, გასცეს ან არ გასცეს APMT-ს ნებართვა ფოთში ახალი პორტისთვის და მუდმივად ატყუებდა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომ ის უარს იტყოდა ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე. მან უარი თქვა ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი განზრახვების გამოხატვაზე მას შემდეგ, რაც 2018 წლის ზაფხულში ADC-ს წინააღმდეგ წავიდა.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე არც ერთი ღრმაწყლოვანი პორტი არ აშენდება და არც შეიძლება აშენდეს: საქართველოს მთავრობა ფოთში ახალი პორტის აშენების ნებართვას არ აძლევს APMT-ს, მაგრამ ამავე დროს არ გამორიცხავს ფოთში ახალი პორტის აშენების შესაძლებლობას. შესაბამისად, ინვესტორებს არ შეუძლიათ ენდონ, რომ ანაკლია ამოქმედდება, როგორც საქართველოს ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი.

მოკლედ, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მხოლოდ ერთი ღრმაწყლოვანი პორტისთვის არის საკმარისი ბაზარი. მთავრობის უუნარობა ან უარი ანაკლიის ან ფოთის არჩევაზე ერთადერთ ღრმაწყლოვან პორტად ნიშნავს, რომ არც ერთი პორტი არ შენდება“.

2025 წლის 8 აპრილს „ქართული ოცნების“ ვიცე-პრემიერმა დავითაშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ჩინური კონსორციუმისთვის ჯერ არ გადაუციათ. დავითაშვილის თქმით, „ინვესტორის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, ჯერ არ დასრულებულა და არავისთვის არაფერი არ გადაუციათ“. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? – ვკითხეთ თედ ჯონასს.

თედ ჯონასი: „მთავრობის მიერ CCCC-ის და CHI-ის ანაკლიის ტენდერის გამარჯვებულებად გამოცხადება საქართველოს საზოგადოების წინაშე კიდევ ერთი ტყუილი იყო. განცხადება ზუსტად დაემთხვა პარლამენტის მიერ რუსული კანონის საბოლოო მიღებას. ვფიქრობ, მთავრობამ ეს ცრუ განცხადება 2 მიზეზის გამო გააკეთა. პირველი, რუსული კანონის მიღება რუსეთისთვის იმის გარანტია იყო, რომ საქართველო ანტიდასავლურ გზას ადგას და, შესაბამისად, რუსეთს შეუძლია ენდოს საქართველოში ანაკლიის პორტის მშენებლობას სანქცირებული ჩინელი ინვესტორით. შესაბამისად, პროექტში დასავლეთის ჩართვის შანსი არ იქნებოდა (მაშინ, როცა ADC-ს მნიშვნელოვანი დასავლური აქციები და კონტრაქტორული პარტნიორობა ჰქონდა).

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს მთავრობამ ეს განცხადება გააკეთა, იყო ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რათა ის დაერწმუნებინა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ქვეყნისთვის პოზიტიური საქმეების კეთებას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსული კანონის მიღებით მან ახლახან გაწყვიტა კავშირები დასავლეთთან.

მჯერა, რომ მთავრობამ ვერ შეძლო CCCC-თან და CHI-სთან „გარიგების დადება“ პროექტში ინვესტირების შესახებ – კომპანიები არ არიან დარწმუნებული პროექტის შესახებ, რადგან საქართველოს მთავრობა აშკარად არ გამორიცხავს APMT-ის მიერ ფოთში კონკურენტი ღრმაწყლოვანი პორტის უფრო სწრაფად აშენების შესაძლებლობას; მეორე – CCCC სანქცირებულია. ეს ნიშნავს, რომ არცერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, საჯარო თუ კერძო, არ დააფინანსებს პროექტს და არცერთი დასავლელი კონტრაქტორი არ ითანამშრომლებს მასთან. ამიტომ, დაფინანსების წყაროები და სამშენებლო სამუშაოები ძალიან შეზღუდულია“.

თქვენი აზრით, რა პოლიტიკური ინსტრუმენტია ანაკლიის პორტი აშშ-სთვის? რუსეთისთვის? ჩინეთისთვის? და თუ ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რამდენად შესაძლებელია, რომ დაუშვას ამერიკამ გადავიდეს ჩინეთის ხელში ეს ინსტრუმენტი? – ვკითხეთ თედ ჯონასს.

თედ ჯონასი: „ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ნათქვამი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან სიტყვებს შორის, რასაც მე ვეთანხმები, არის ის, რომ მას სურს, ამერიკულმა კომპანიებმა ააშენონ და ფლობდნენ უცხოურ პორტებს, რათა გააფართოვონ აშშ-ის საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა და წინააღმდეგობა გაუწიონ ჩინეთის ძალიან აქტიურ „ერთი სარტყლის გზის“ ინიციატივას და საზღვაო პროექტებს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონში, სადაც ჩინეთი დიდი მონდომებით მუშაობს პოზიციების დასამკვიდრებლად. ამიტომ, შეერთებულმა შტატებმა ნამდვილად უნდა გააძლიეროს თავისი თამაში და წაახალისოს ამერიკული კომპანიები, ააშენონ, ფლობდნენ და მართონ ანაკლიის მსგავსი პორტები.

რუსეთს არ აქვს რესურსები პორტების ასაშენებლად. მას საკუთარი პორტების შენარჩუნებაც კი არ შეუძლია, განსაკუთრებით უკრაინის თავდასხმების ფონზე. რუსეთის მთავარი ინტერესი იყო, შეეჩერებინა საქართველო ანაკლიის პორტის მშენებლობაში ნებისმიერი დასავლური ინვესტიციით ან დაფინანსებით. რუსეთი ყოველთვის ცდილობდა, ხელი შეეშალა საქართველოსთვის ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის შუა დერეფნი გაეხსნა რუსეთის კონტროლის გარეშე.

ამგვარად, რუსეთმა შესაძლოა მიიღოს და ისარგებლოს კიდეც ანაკლიის პორტით, რომელიც ჩინელების, მათი მოკავშირეების მიერ არის აშენებული, საკუთრებაში არსებული და მართული. მე მჯერა, რომ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოს მთავრობამ პროექტი CCCC-სა და CHI-ს 2024 წლის მაისში გადასცა. ეს რუსეთისთვის სასარგებლო იქნებოდა“.

__

წყარო: "ბათუმელები"