სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულება რეალურ საბაზრო ფასებსა და კვალიფიციურ ხარჯთაღრიცხვას უნდა ეფუძნებოდეს. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამშენებლო სფეროს ხარჯთაღმრიცხველებთან შეხვედრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, სამინისტრო მზად არის, ხარისხიან სამუშაოში შესაბამისი საბაზრო ღირებულება გადაიხადოს, თუმცა პროექტის ფასსა და მის ხარისხს შორის შესაბამისობა აუცილებელია. მისივე განცხადებით, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც პროექტის გადამოწმების შემდეგ თავდაპირველად წარმოდგენილი ღირებულება მნიშვნელოვნად იცვლება.
„მიუღებელია როგორც ხელოვნურად გაზრდილი, ისე არარეალურად შემცირებული ფასი. ჩვენი მიზანია, ხარჯთაღრიცხვა ეფუძნებოდეს მოქმედ ნორმებს, რეალურ საბაზრო ფასებსა და პროფესიულ, ობიექტურ შეფასებას“, - განაცხადა სოხაძემ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი საკითხები სახელმწიფო პროექტებისთვის ხარჯთაღრიცხვის მომზადების ხარისხი, არსებული პრაქტიკა და სექტორში არსებული გამოწვევები იყო. მხარეებმა ასევე განიხილეს სპეციალისტების კვალიფიკაციის, ერთიანი მეთოდოლოგიის დანერგვისა და პროფესიული კადრების მომზადების საკითხები.
სამინისტროს ცნობით, ხარჯთაღმრიცხველებმა უწყების ხელმძღვანელს არსებული პრაქტიკული პრობლემები გააცნეს და სახელმწიფო სამშენებლო პროექტებში ხარჯთაღრიცხვის გაუმჯობესების მიმართულებით საკუთარი წინადადებები წარადგინეს.
უწყების განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა სახელმწიფო პროექტების მომზადების ხარისხი და მათი ღირებულების განსაზღვრის პრაქტიკა გაუმჯობესდეს.