„მე ვფიქრობ, ლობირება ხდება იმ დიდი კომპანიების, რომლებსაც ახალი კომერციული ტრანსპორტი შემოჰყავს“,- ამის შესახებ კომპანია „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელმა ელგუჯა ჯამაგიძემ იმ ახალ რეგულაციაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც 2025 წლის იანვრიდან 2013 წლამდე გამოშვებული ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია იკრძალება.
საუბარია, M3, N1, N2 და N3 კატეგორიების ავტომობილებზე, სატვირთო-სამგზავრო ძარას მქონე ავტომობილებისა და სამედიცინო დანიშნულების მანქანებზე.
როგორც ელგუჯა ჯამაგიძე bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ბევრი პრობლემა შეიქმნება გადაზიდვების მიმართულებით, ასევე ამასთან გამკლავება გაუჭირდებათ თვითდასაქმებულებსა და მცირე სადისტრიბუციო კომპანიებს.
„ქართველებს კარგი გემოვნებაც გვაქვს, აზროვნებაც, უბრალოდ, ეს ყველაფერი დიდ ფინანსებს უკავშირდება. ჩვენი სოციალური მდგომარეობა არ გვიწყობს საამისოდ ხელს. ამ მანქანებზე ძალიან ბევრი თვითდასაქმებულია, მცირე ზომის თვითმცლელებზე განსაკუთრებით. ძირითადად, სამშენებლო ნარჩენების გატანის, ნივთების, ავეჯის მიტანის მიმართულებით მუშაობენ. ეს ყველაფერი ერთმანეთზე არის მიბმული. ძალიან კარგია ახალი მანქანები, ყველას უნდა, მაგრამ მთავარია, სოციალური მდგომარეობა ჰქონდეთ შესაბამისი, რომელიც არ გვაქვს.
იგივე სიტუაციაში არიან მცირე სადისტრიბუციო კომპანიები, რომლებიც ყიდულობენ დახურული ტიპის ე წ. მარშუტკებს. ჩვენ გვირჩევნია, იყოს საქართველოში კარგად „ნაჯახირები“ ამორტიზებამდე მისული მანქანები, თუ შემოვიდეს ცოტა ძველი წლოვანების, მაგრამ ტექნიკურად გამართული?! ამას არავინ ფიქრობს.
ევროპაში ახალი მანქანა (2013 წლიდან) რომ იყიდო, მინიმუმ 18 000 დოლარი უნდა. წარმოიდგინეთ, 20-ათასდოლარიან მანქანას, რომ სამუშაოდ გაუშვებ, იმისგან შემოსავალიც ხომ უნდა გქონდეს?! ყველას თავისი გათვლა აქვს, რამდენი პროცენტი უნდა დაამატოს გადაზიდვებს. თუ ღირდა მანამდე 10 000 დოლარის გადახდა უწევდა, ახლა 20 000 დოლარი უწევს, ეს 10 000 დოლარის სხვაობა როგორღაც ხომ უნდა დაბალანსდეს?! არც ისეთი ხელშეწყობა აქვს კომპანიებს, რომ ყველას დანაზოგი ჰქონდეს და საკუთარი ჯიბიდან ამოიღოს. ამასთან, ერთი ტრანსპორტი ხომ არ ეყოფა? მინიმუმ 5-6 ერთეული მაინც სჭირდება. მითუმეტეს, ჩვენთან აკრძალულია დიდგაბარიტიანით ქალაქში გადაადგილება (ასეც უნდა იყოს) და ბიზნესები მცირე კომერციულ ტრანსპორტზე არიან გადასულები. შედეგად, თუ ის იტევდა 10 ტონას, ეს იტევს პირობითად, 1 ტონას. ამიტომ გაცილებით მეტი მანქანა სჭირდებათ.
მე ვფიქრობ, ლობირება ხდება იმ დიდი კომპანიების, რომლებსაც ახალი კომერციული ტრანსპორტი შემოჰყავს“,- ამბობს ელგუჯა ჯამაგიძე.
მისი თქმით, ეს არის არაგონივრული გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოო ჯამში, ისევ რიგით მომხმარებელზე აისახება.
„ამ თემაზე ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით, როდესაც პირველად ეს განკარგულება გამოჩნდა, 2023 წლის თებერვალი იყო. მაშინაც აღვნიშნეთ, რომ ეს არის არაგონივრულ გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყანა არც აწარმოებს და არც ავტომობილებთან მიმართებით შეღავათიანი პირობები გვაქვს. ეს ძალიან დიდ პრობლემებს შექმნის გადაზიდვების მიმართულებით. კომპანიები, კომერციულ ავტომობილებს აღარა განაახლებენ, იმ გაგებით, რომ 2013 წლიდან გამოშვებული სატრანსპორტო საშუალები ევროპაშიც ძალიან ძვირია. ეს მანქანები კი, დიდწილად შემოდის ევროპიდან, აშშ-დან მისი ტრანსპორტირება ძალიან ძვირია. საუბარია, გამწევებზე, თვითამწეების მანქანებზე, დახურულ სატვირთოებზე, ავტობუსებზე, მიკროავტობუსებზე, მცირე კომერციულ ავტოტრანსპორტზე, ამათი განახლება ისევ მოსახლეობის ხარჯზე მოხდება. იმიტომ, რომ როდესაც კომერციული დაწესებულება ძვირად იყიდის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ეს ან დისტრიბუციის ან წარმოების ფასში აისახება, შესაბამისად, პროდუქტის თვითღირებულება ყველაფერი უნდა კეთდებოდეს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და ეს გადაწყვეტილება ამისთვის არ კეთდება“,- ამბობს ელგუჯა ჯამაგიძე.
შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება არ შეეხება როგორც ქვეყანაში უკვე მყოფ სატვირთო ავტომობილებსა, ავტობუსებს და სამედიცინო დანიშნულების ავტომობილებს, ასევე ამ კატეგორიის იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ქვეყანაში რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოდის.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საშეღავათო პერიოდი დაუწესდა იმპორტიორებს. კერძოდ, ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ტრანსპორტირებაც 2025 წლის 1-ელ იანვრამდე დაიწყო, საქართველოში ჩვეულებრივ დარეგისტრირდებიან.