ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება
უწყების ცნობით, სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, განახლდა საინჟინრო სისტემები. პროექტის ღირებულება 4.2 მილიონ ლარს შეადგენს.
"ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლებას აქტიურად აგრძელებს. რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა ახალი სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია, ნაწილი კი დასკვნით ეტაპზეა," - წერია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.