სეზონის გახსნა 27 დეკემბრისთვის დაანონსდა, მაგრამ ამ დღისთვისაც არც ერთი ტრასა ნორმალურად მომზადებული არ ყოფილა, - აცხადებს „მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის“თანადამფუძნებელი მირანდა ესაკია რადიო „კომერსანტის“ ეთერში და იმასაც აღნიშნავს, რომ ვერც ერთი პრობლემა, რაზეც ასოციაცია დიდი ხანია, საუბრობს, „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ ვერ მოაგვარა.
„ვერც ხელოვნურმა გათოვლიანებამ იმუშავა და ტურისტები ძალიან უკმაყოფილოები იყვნენ ამის გამო. როგორც ვვარაუდობდით, ისევ ამინდის ანაბარა დავრჩით. ველოდებოდით, როდის მოვიდოდა საკმარისი ნალექი, რათა სრულყოფილად გაიხსნას ყველა სათხილამურო ტრასა.
ხელოვნური გათოვლიანება 2014 წელს დაყენდა გუდაურში, რაშიც ხალხმა 30 მილიონი გადავიხადეთ და დღემდე არ მუშაობს. სექტემბრიდან ვითხოვდით, რომ ამ საკითხზე ყურადღება გამახვილებულიყო, ვინაიდან მთელ მსოფლიოში იკლებს ნალექი იკლებს. თუ აქამდე ნოემბერში მოდიოდა თოვლი, ახლა უკვე იანვრის დასაწყისში მოდის. რეალურად,არის საკმარისი მინუსი იმისთვის, ჩვენი დახარჯული 30 მილიონით კურორტები გაიხსნას და ხელოვნური თოვლი დაიყაროს, მაგრამ ვერ აგვარებს ამ საკითხს მთის კურორტების განვითარების კომპანია“, - აცხადებს მირანდა ესაკია.
მისივე ინფორმაციით, გასულ წელს გუდაურს ski-პატრული არ ჰყოლია. წელს შესაბამისი უწყებისგან მიიღეს დაპირება, რომ კურორტზე 40 პატრული სეზონის ბოლომდე იმუშავებს.
„არაფერი შეცვლილა არც სამედიცინო მიმართულებით - ამბულატორია არ გვაქვს. ყველაზე დიდი გამოწვევა კი ის არის, რომ მოუგვარებელია პარკინგის საკითხი და სასწრაფო დახმარების მანქანას უჭირს გადაადგილება. მოკლედ, ისევ ის მდგომარეობაა, რაზეც ამდენი ხანია, ვსაუბრობთ.
ერთადერთი კარგი ინფორმაცია რაც გვაქვს, ამინდის პროგნოზია“, - განაცხადა მირანდა ესაკიამ.