„უმნიშვნელოვანესი დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მონაკვეთზე. 14 კმ-იანი მონაკვეთიდან 11 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია, დარჩენილია 3 კმ-იანი კრიტიკული მონაკვეთი, რომელიც უზრუნველყოფს გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის პირდაპირ ბმას სამტრედია-გრიგოლეთის დასრულებულ მონაკვეთებთან“,- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E70) შემადგენელი გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. გზის 11 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია, 3 კმ-იან მონაკვეთზე კი სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

მინისტრის თქმით, სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება, თუმცა, არის გამოწვევები 3 კმ-იან მონაკვეთზე, რის გამოც კონტრაქტორ და საზედამხედველო კომპანიებს  მოეთხოვათ შესაბამისი მობილიზაციისა და რესურსების გაზრდა.

გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი მოიცავს 14 კმ-იანი,  4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და  მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.

მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი  ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს.  

გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადები გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით  იმოძრავებს.

„გეგმა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია გულისხმობს, აღნიშნული მონაკვეთის წელს დასრულებას.  შედეგად სამტრედია- გრიგოლეთი პირდაპირ დაუკავშირდება ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთს, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია, როგორც ზაფხულის სეზონისთვის, ისე მოსახლეობის ყოველდღიური საჭიროებებისთვის, რათა უფრო სწრაფად,  უსაფრთხოდ და  კომფორტულად მოხდეს დასავლეთ საქართველოში მაგისტრალური გზებით გადაადგილება“,- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.