საქართველოს აქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, ჩვენ ისტორიულად ერთმანეთთან ვაკავშირებდით ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ჩვენი სურვილია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო, დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას.

„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება. ეს არის ჩვენი ისტორიული ფუნქცია. საქართველოს აქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენ ისტორიულად ერთმანეთთან ვაკავშირებდით ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ჩვენი სურვილია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ, გამოვიყენოთ და ამას ემსახურება ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ჩამოვთვალე - ავტომაგისტრალების მშენებლობა, რკინიგზის განვითარება, საზღვაო პორტების განვითარება, აეროპორტების მშენებლობა. ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო, დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას. ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ ჩვენ ორი კვირის წინ გავხსენით თბილისის მშრალი პორტი, რომელიც შეიქმნა არაბული ინვესტიციით. ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს