მოდულური, ე.წ. „ასაწყობი სკოლების“ შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ხელშეკრულება შპს „ევრო პანელ ჯგუფთან“ გაფორმდება, რომლის შეთავაზების ღირებულებაც 19.5 მლნ ლარია.

ტენდერში წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ წარადგინა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 22.5 მლნ ლარით იყო განსაზღვრული.

ხელშეკრულების ფარგლებში „ევრო პანელ ჯგუფმა“ სკოლებისთვის საჭირო მოდულური კონსტრუქციები უნდა მიაწოდოს, რომლებიც ახალი შენობების მშენებლობის ან არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პერიოდში დროებით სასწავლო სივრცეებად გამოიყენება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოდულური სკოლების შეძენის შესახებ განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს. პროექტის მთავარი მიზანი იმ სკოლებში სასწავლო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებაა, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

ფონდის განმარტებით, მოდულური შენობები წინასწარ ქარხნულად მზადდება, ადგილზე ტრანსპორტირდება და მონტაჟდება. სივრცეები შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, რემონტის ან მშენებლობის პერიოდში საკუთარ სკოლაში ან მის მიმდებარედ განაგრძონ სწავლა.

პროექტის მიხედვით, ამ მიდგომამ შესაძლოა შეამციროს მოსწავლეების სხვა სკოლებში დროებით გადაყვანისა და მათი ყოველდღიური ტრანსპორტირების საჭიროებაც.

ტენდერში გამარჯვებული შპს „ევრო პანელ ჯგუფი“ 2022 წელს დაფუძნდა. კომპანიის წილები გიორგი ლოლუას (34%), არმენ ადამიანცს (33%) და გიორგი შოშიტაიშვილს (33%) ეკუთვნის.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, გიორგი ლოლუა სხვა კომპანიებთანაც არის დაკავშირებული, მათ შორის „გოლდ ვეი გრუპთან“, „ინვესტ ჰაბთან“ და „კაპიტალ ფოინთთან“. ეს უკანასკნელი 2026 წლის გაზაფხულზე დარეგისტრირდა და მისი მფლობელებიც „ევრო პანელ ჯგუფის“ მფლობელთა მსგავსად არიან მითითებული.