"თიბისი ჯგუფის" მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია მიიჩნევს, რომ სებ-მა აპრილში რეზერვების შევსება განაგრძო და ჯამურად, მარტ-აპრილში 200 მლნ დოლარზე მეტია შესყიდული. მან ამის შესახებ "საქმიან დილაში" სტუმრობისას განაცხადა.
იანვარ-თებერვალში Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა, ხოლო მარტში სებ-მა საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 101.7 მლნ აშშ დოლარით შეავსო.
ნადარაიას თქმით, ამ ეტაპზე სავალუტო შემოდინებები ძლიერია და ამასთან, გლობალურ ბაზარზე დოლარის დასუსტება დამატებით ეხმარება ლარის კურსს.
"როგორც იცით, ლარის შემთხვევაში გვქონდა საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინები. მიმდინარე მოვლენებზეც მათ შორის, დეკემბერშიც გვქონდა აზრი, რომ ეს არაა ლარის შოკი, იმიტომ რომ ძირითად სავალუტო შემოდინებებზე არ მოქმედებს, აქ იგულისხმება როგორც გზავნილები, ასევე ტურიზმი და სხვა შემოდინებები. პირიქით, იმპორტი შემცირდა კიდეც და ამან გამოიწვია ლარის გამყარება. მიმდინარე პერიოდში ბაზარზე დოლარის ჭარბი მიწოდებაა, რაც ეროვნულ ბანკს საშუალებას აძლევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ოდენობით შეავსოს რეზერვები, მარტში დაახლოებით 102 მლნ დოლარის შემდეგ, ჩვენი შეფასებით, ვფიქრობთ, აპრილში, ჯამურად, 200 მილიონ დოლარზე მეტი შეისყიდა, ალბათ, ეროვნულმა ბანკმა, ზუსტი რიცხვები არ გვაქვს, ეს ინფორმაცია შემდგომში იქნება ხელმისაწვდომი. ამიტომ, ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე სავალუტო შემოდინებები ძლიერია და ამასთან, რა თქმა უნდა, დოლარის დასუსტება საერთაშორისო ბაზარზე დოლარი-ლარის წყვილს ეხმარება",- ამბობს "თიბისი ჯგუფის" მთავარი ეკონომისტი.