ევროპული ქვეყნებიდან ტურისტულმა ნაკადებმა იკლო. საქართველოს მიმართ მზარდი ინტერესია ჩინეთიდან და ინდოეთიდან. ვიზიტორებს შორის ისევ ლიდერობენ გალფის ქვეყნების მოქალაქეები. ტურისტული კომპანია ,,ომნეს ტურის’’ დირექტორი ირაკლი კაბულაშვილი ,,კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ევროპელი ტურისტები ჯავშნებს რამდენიმე თვით ადრე აკეთებენ. იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ევროპელი ტურისტების შეკვეთები უნდა მიეღო, ქვეყანაში დაძაბული ვითარება იყო, რამაც ქვეყნის ტურისტულ გეოგრაფიაზე გავლენა მოახდინა.

,,წინა წელს, შარშანდელ სეზონს ვგულისხმობ, ევროპულ ბაზარზე შედარებით უკეთესი სიტუაცია იყო. ახლა კლება არის ევროპული ბაზრიდან. ამიტომ ვფიქრობ თავისთავად გავლენა მოახდინა (არჩევნების შემდეგ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა). შიგადაშიგ იყო ინფორმაციები, რომ იყო დაძაბული სიტუაცია. შეკვეთებს ჩვენ არ ვიღებთ ახლა. შეკვეთების მიღება ხდება შემოდგომიდან მოყოლებული ზამთრის პერიოდში. იმ პერიოდში საქართველოში მართლა არასახარბიელო სიტუაცია იყო. მაშინ მოგვდიოდა ინფორმაციები, რომ რაღაც ჯგუფები უქმდებოდა და აღარ იკრიბებოდა ხალხი და აღარ მოდიოდა, ამან იქონია გავლენა. ახლა  აღარ არის ეგეთი სიტუაცია, მაგრამ ჯავშნების გაკეთების პერიოდი უკვე გავიდა. საერთოდ ყველა ბაზარს თავისი სპეციფიკა აქვს. ევროპული ბაზარი იჯავშნება უფრო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. როცა სეზონი იყო ჯავშნების, იმ პერიოდში ჩვენთან მართლა ცუდი სიტუაცია იყო და ამან ევროპულ ბაზარზე იმოქმედა. ზუსტი სტატისტიკა ჯერ არ გვაქვს, რადგან სეზონი მიმდინარეობს. ჩემი ვარაუდით მინიმუმ 10-15%-იანი კლება იქნება წელს ევროპული ბაზრებიდან“, - აცხადებს ირაკლი კაბულაშვილი.

ტურისტული კომპანია ,,ომნეს ტურის’’ დირექტორი ამბობს, რომ საქართველოს მიმართ მზარდი ინტერესია ჩინელი და ინდოელი ტურისტების მხრიდან. ირაკლი კაბულაშვილი განმარტავს, რომ აზიური ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს, თუმცა ევროპელი ტურისტების ნაკადების კლების ფონზე ეს წელს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა.

,,ბოლო წლებია ასეთი ტენდენციაა, რომ აზიური ქვეყნებისთვის უფრო მიმზიდველია საქართველო. თავის დროზე იმოქმედა პანდემიამ, შემდეგ უკრაინის ომმა ძალიან იმოქმედა ევროპულ ბაზარზე. ამან რადიკალურად შეცვალა გეოგრაფია. წელს განსაკუთრებით იცვლება გეოგრაფია. კლება არის ევროპულ ბაზარზე. შესამჩნევი გახდა აღმოსავლეთ ბაზრის მატება. გარდა იმისა, რომ ყოველწლიურად მატებაა ამ ბაზარზე. ამ ეტაპზე ძირითადი მასა ტურისტების, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან ორგანიზებული ტურებით უფრო მეტად არის ჩინეთი, ინდოეთი. ინდოელი ტურისტები აქამდეც ბევრი შემოდიოდა. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკადი შემოდიოდა. მაგრამ შემოდიოდა გალფის ქვეყნებიდან, როგორიც არის დუბაი, კატარი, საუდის არაბეთი, ქუვეითი. ახლა უშუალოდ ინდოეთიდან ჩამოსულები დაემატა.’’- აცხადებს ირაკლი კაბულაშვილი.

აზიელი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი აჭარის რეგიონია. ჩინელი ტურისტები კი უპირატესობას ისეთ ტურს ანიჭებენ, რომელიც კავკასიის რეგიონის რამდენიმე ქვეყანას მოიცავს. ირაკლი კაბულაშვილი განმარტავს, რომ ერთი ტურის ფარგლებში რამდენიმე ქვეყნის მონახულების სურვილს მოგზაურობისთვის საჭირო ბილეთების სიძვირე და დიდი მანძილი განაპირობებს.

,,ძირითადი ჩამოსვლის ადგილია დედაქალაქი და ალბათ მოგზაურობის 90% აქ მოდის. აღმოსავლეთის ბაზარი უფრო მეტად ინტერესდება აჭარის ზონით, ბათუმით. იქ ხდება ძირითადი კონცენტრაცია აზიიდან ჩამოსული სტუმრების. ყაზახი ტურისტების 90% ბათუმზე მოდის. ჩინელების მხრიდან უფო მეტად ინტერესია დასათვალიერებელ ტურიზმზე, ეს უკვე მთელს საქართველოს მოიცავს. ხშირად ჩინური ტურები არის კომბინირებული ტურები და მოიცავს კავკასიას. მაგალითად აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, რადგან შორიდან ხდება ვიზიტის განხორციელება და თვითმფრინავის ბილეთიც შედარებით ძვირი ღირს, ამიტომ ამჯობინებენ უფრო დიდი ტური ჩაატარონ და ერთად ნახონ ყველაფერი, რომ ცალ-ცალკე არ იარონ ქვეყნებში.''- განმარტავს ,,კომერსანტთან" საუბარში ირაკლი კაბულაშვილი.