თებერვალში, ვადაგადაცილებული სესხები, წინა თვესთან შედარებით, 62 მლნ ლარით გაიზარდა და 776.1 მლნ ლარს გაუტოლდა, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის აპრილის „თვის მიმოხილვაში“.
სებ-ის ინფორმაციით, ვადაგადაცილებული სესხების 36.9% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

„თებერვალში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.9 პპ-ით გაიზარდა და წლიური მაჩვენებელი 14.2%-ს გაუტოლდა. აღნიშნული, როგორც უცხოური ვალუტის, ისე ეროვნული ვალუტის დაკრედიტების ზრდის ტემპის მატებამ განაპირობა.
კერძოდ, უცხოური ვალუტის სესხების ზრდის ტემპი 1.2 პპ-ით, 12.6%-მდე, გაიზარდა, ხოლო ეროვნული ვალუტით დაკრედიტების წლიური ზრდის ტემპი თვის ჭრილში 0.6 პპ-ით გაიზარდა და 15.4% შეადგინა. მთლიანი სესხების ზრდაში დაახლოებით 8.7 პპ-იანი წვლილი ლარის, ხოლო 5.5 პპ უცხოური ვალუტის დაკრედიტებამ შეიტანა. საკრედიტო პორტფელის ზრდას მეტწილად ბიზნესის სესხები განაპირობებს, რომლის წვლილიც მთლიანი სესხების ზრდაში 6.7 პპ-ს შეადგენს“, - ნათქვამია „თვის მიმოხილვაში“.