საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვთ, 1,500,000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მარეგულირებლის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს მიიღო და ის ძალაში 1 თებერვლიდან შევა.

ახალი რეგულაციის თანახმად, მოქალაქეები და კომპანიები, რომლებიც სავალუტო რისკებისგან დაზღვეულები არ არიან (არაჰეჯირებული მსესხებლები), 1.5 მილიონ ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეძლებენ.

დღეს მიღებული გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლებში გატარებული დედოლარიზაციის თანმიმდევრული პოლიტიკის გაგრძელებაა და მოქმედი ლიმიტის კიდევ 500,000 ლარით ზრდას ითვალისწინებს.

უცხოური ვალუტით დაკრედიტების მინიმალური ზღვრის ცვლილების ქრონოლოგია ასეთია:

- 2024 წელი: სავალუტო სესხების მინიმალური ზღვარი 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაიზარდა;

- 2025 წლის 1 იანვარი – 1 აგვისტო: მოქმედებდა 500,000-ლარიანი ლიმიტი;

- 2025 წლის აგვისტო – 2026 წლის 1 ივლისი: ზღვარი 750,000 ლარამდე აიწია;

- 2026 წლის 1 ივლისიდან დღემდე: მინიმალური ზღვარი 1 მილიონ ლარს შეადგენდა.

ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ სავალუტო სესხებზე წვდომის მორიგი გამკაცრება ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება. მარეგულირებლის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყნის საფინანსო სექტორში ჭარბი სავალუტო რისკები არ დაგროვდეს და მსესხებლები გაცვლითი კურსის მერყეობისგან მაქსიმალურად იყვნენ დაცულნი.