2023 წლის აგვისტოდან 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში საპენსიო ფონდის დინამიკური პორტფელის ნომინალურმა კუმულაციურმა ამონაგებმა 50.9% შეადგინა, დაბალანსებული პორტფელის – 46.2%, ხოლო კონსერვატიულის – 41.4%.

აღნიშნულ პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალური, ინფლაციის გათვალისწინებით, კუმულაციური ამონაგები 34.2%-ს შეადგენდა, დაბალანსებულის – 30.0%-ს, კონსერვატიულის კი – 25.7%-ს.

საპენსიო ფონდის ინფორმაციით, აგვისტოში პორტფელების შედეგებზე გავლენა იქონია საერთაშორისო აქციების ბაზრების აღდგენამ და ადგილობრივი ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების დადებითმა წვლილმა. საერთაშორისო ბაზრების ზრდას, მათ შორის, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული კაპიტალური დანახარჯების მდგრადობის მიმართ გაუმჯობესებულმა ნდობამ შეუწყო ხელი.

ამასთან, ლარის აშშ დოლართან მიმართებით დაახლოებით 0.54%-იანი გამყარების გამო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივებიდან მიღებული შემოსავლები ნაწილობრივ შემცირდა.

აგვისტოში ყველაზე მაღალი ამონაგები დინამიკურმა პორტფელმა აჩვენა – 1.96%. დაბალანსებული პორტფელი 1.57%-ით, ხოლო კონსერვატიული 1.18%-ით გაიზარდა. ფონდის განმარტებით, დინამიკური პორტფელის უკეთესი შედეგი მასში საერთაშორისო აქციების უფრო მაღალი წილით არის განპირობებული.

აგვისტოს 0.40%-იანი ინფლაციის პირობებში სამივე პორტფელმა დადებითი რეალური თვიური ამონაგები დააფიქსირა: დინამიკურმა – 1.55%, დაბალანსებულმა – 1.16%, კონსერვატიულმა კი 0.77%.

2026 წლის დასაწყისიდან პორტფელების ამონაგები ასეთია:

  • დინამიკური – 9.55% (რეალური ამონაგები – 5.06%);

  • დაბალანსებული – 8.87% (რეალური – 4.40%);

  • კონსერვატიული – 8.06% (რეალური – 3.62%).

ფონდის მონაცემებით, აგვისტოს ბოლოს საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობა 10 მილიარდ ლარს მიუახლოვდა, ხოლო ჯამურმა სარგებელმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ამასთან, კონსერვატიული პორტფელის მომგებიანობამ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 113.8% შეადგინა, ინფლაციის გათვალისწინებით რეალურმა ამონაგებმა კი 40.5%-ს მიაღწია. აღნიშნულ პერიოდში მისი გაწლიურებული ნომინალური და რეალური ამონაგები, შესაბამისად, 10.4% და 4.5% იყო.