„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.

ახალი განკარგულებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საჭიროებებისათვის საპროექტო/სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ღირებულება განახევრდა და ნაცვლად 8 მლნ ლარისა, 4 მლნ ლარი იქნება.

ზოგიერთი მიმართულების დაფინასნება კი მცირედით გაიზარდა.

ამასთან, დამატებულია „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების“ შენობის რეაბილიტაცია და აღჭურვა.

უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა მიზნობრიობით, თანხა შემდეგნაირად ნაწილდება:

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საჭიროებებისათვის საპროექტო/სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა - 4 მლნ ლარი (წინა განკარგულებით, 8 მლნ ლარი იყო)

„ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად: - 4.1 მლნ ლარი (3.780 მლნ ლარი იყო)

მათ შორის:

  • საიჯარო გადასახადის დაფინანსება - 734.5 ათასი ლარი
  • შენობის აღჭურვა - 2.1 მლნ ლარი (1.8 მლნ ლარი იყო)
  • ალტერნატიული ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა - 812 ათასი ლარი (860 ათასი ლარი იყო)
  • ქონების გადასახადისა და საერთაშორისო აკრედიტაციის მომსახურების მიღების დაფინანსება - 386 ათასი ლარი

ასევე, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების - 21 მლნ ლარი

  • აღჭურვა - 16 მლნ ლარი (9.012 მლნ ლარი იყო)
  • რეაბილიტაცია/პროექტირება/მშენებლობა - 5.5 მლნ ლარი (6.571 მლნ ლარი იყო)
  • პროგრამის ადმინისტრირება - 400 ათასი ლარი

მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებისა და აღჭურვილობის შესყიდვა - 3 მლნ ლარი (7.5 მლნ ლარი)

სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფუნქციონირების ხელშეწყობა - 1. 836 მლნ ლარი.

„საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების“ შენობის რეაბილიტაცია და აღჭურვა - 2 მლნ ლარი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, ჯამში 37.1 მლნ ლარით განისაზღვრება.

წყარო: bpn.ge