2026 წლის 1 დეკემბრიდან სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ახალი მეთოდების გამოყენება გახდება შესაძლებელი, კერძოდ, იგეგმება ორი ახალი ინსტრუმენტის „ჩარჩოშეთანხმებისა“ და „ელექტრონული კატალოგის“ შემოღება, -ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს.
ახალი ინსტრუმენტების გამოყენებით, შემსყიდველ ორგანიზაციებსა და ეკონომიკურ ოპერატორებს შესაძლებლობა ექნებათ, შეამცირონ ადმინისტრაციული და ფინანსური დანახარჯები, დაზოგონ ადამიანური რესურსი და არსებული შესაძლებლობები უფრო ეფექტიანად გამოიყენონ.
საკანონმდებლო ცვლილებები ასევე ითვალისწინებს არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრის, ე.წ. „შავი სიის“ რეგულირების განახლებას.
კერძოდ, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას ჩაიდენს, ეკონომიკური ოპერატორი რეესტრში ორი წლის ვადით დარეგისტრირდება.
გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა და ხელშეკრულების დადება აეკრძალება იმ ეკონომიკურ ოპერატორსაც, რომლის დამფუძნებელი ან/და წილის მფლობელი „შავ სიაში“ რეგისტრირებული კომპანიაა.
შეზღუდვა გავრცელდება ასევე იმ ეკონომიკურ ოპერატორზე, რომლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს „შავ სიაში“ რეგისტრირებულ ეკონომიკურ ოპერატორშიც იგივე თანამდებობა უკავია ან/და აღნიშნული პირი შესაბამის წილს ფლობს.
ცვლილებების ამოქმედების შედეგად, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ახალი მექანიზმების დანერგვა და არაკეთილსინდისიერი ქმედებების პრევენციისთვის დამატებითი შეზღუდვების გამოყენება გახდება შესაძლებელი.
მოსალოდნელია, რომ ახალი ინსტრუმენტები, ერთი მხრივ, სახელმწიფო შესყიდვების პროცესს უფრო მოქნილსა და ეფექტიანს გახდის, ხოლო მეორე მხრივ, გააძლიერებს არაკეთილსინდისიერი ქმედებების პრევენციისა და შესაბამისი შეზღუდვების გამოყენების მექანიზმებს.