ვაკის რაიონის გამგებელმა, ლევან ყიფიანმა საზოგადოებას 2025 წლის განმავლობაში შესრულებული პროექტების ანგარიში წარუდგინა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.

უწყების გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ანგარიშის პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა განხორციელებულ სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობასა და სოციალურ, კულტურულ, სპორტულ, ასევე საბავშვო პროექტებზე.

"წლის დასაწყისიდან საგზაო ინფრასტრუქტურა 136 მისამართზე, საერთო ჯამში, 70 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, მათ შორის 11 ქუჩა კაპიტალურად განახლდა და წყნეთში რეაბილიტირდა დიდგორისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩები.

როგორც ლევან ყიფიანმა აღნიშნა, გასული წლების მსგავსად, 2025 წელსაც, დასასვენებელი სივრცეების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების დეტალები ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განიხილებოდა. ამრიგად, გამწვანებული დასასვენებელი და სპორტულ-გასართობი სივრცეები 9 მისამართზე მოეწყო, ხოლო 26 მისამართზე ნაწილობრივ განახლდა. რაც შეეხება მწვანე საფარს, სხვადასხვა მისამართზე 1 000 ძირი ხე-მცენარე დაირგო და დაიგო ბალახის საფარი.

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, 5 მისამართზე სპორტული მოედნები განახლდა.

უსაფრთხოების მიზნით, 2025 წელს ფერდის გასამაგრებელი და დამცავი რკინაბეტონის კედლები 2 მისამართზე აშენდა, 5 მისამართზე კი, საერთო სარგებლობის კიბე მოეწყო, ბაზალტის ფილებით მოპირკეთდა და მიმდებარედ დამონტაჟდა განათების ქსელი.

რაც შეეხება სკოლებში შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აღინიშნა, რომ ვაკის რაიონის ექვს სკოლაში ჩატარდა შიდა სარემონტო სამუშაოები, ხოლო ორ სკოლაში შშმ პირებისთვის ლიფტები დამონტაჟდა.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა სახის 291 სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა. შესაბამისად, რეაბილიტირდა 100 ლიფტი, 102 მისამართზე განახლდა დაზიანებული სახურავი და წყალსაწრეტი მილები, ხოლო 28 მისამართზე წყლისა და წყალარინების შიდა ქსელები გამოიცვალა.

ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამების ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, 9 413 ადამიანს გაეწია შესაბამისი დახმარება.

რაიონში გამართული სხვადასხვა ღონისძიების შეჯამებისას, აღინიშნა, რომ ჩატარდა ხუთი სპორტული ტურნირი, ორი კულტურულ-გასართობი და ერთიც ინტელექტუალური ღონისძიება.

გარდა ამისა, 35-ე საჯარო სკოლისა და საფეხბურთო კლუბ „პლატოს“ გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებში ჩეხეთის დედაქალაქ პრაღასა და პოლონეთის ქალაქ ლომჟაში.

მიმდინარე წლის ანგარიშის პრეზენტაციას, ასევე ესწრებოდნენ პარლამენტში ვაკის დელეგატი ზურაბ რურუა, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატები საკრებულოში ბექა გელენავა და ალექსანდრე ასათიანი და სხვა მოწვეული სტუმრები",- იუწყება თბილისი მერია