ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი მედიკამენტების რეფერენტული ფასების გადახედვას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მედიკამენტების ფასები რეფერენტული ფასწარმოქმნის შემოღებიდან მხოლოდ მესამე წელს განახლდა. “საქმის კურსთან” ინტერვიუში ილონა კოკიაშვილი აცხადებს, რომ რეფერნერტული ფასების გადახედვის ვალდებულება სამინისტროს წელიწადში ერთხელ აქვს, თუმცა ვალდებულება არ სრულდებოდა.
საქმე ის არის, რომ რეფერენტული საბითუმო ფასის დათვლის მეთოდოლოგიაში ცვლილებები შევიდა. მთავრობის შესაბამისი დადგენილება 27 ნოემბერს ამოქმედდა. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ინფორმაციით 29 ნოემბერს განახლდა ფასების კატალოგი, სადაც მედიკამენტების ფასები დაკორექტირდა.
ილონა კოკიაშვილი ამბობს, რომ პერიოდულად დადგენილი ფასების გადახედვა აუცილებელია, რადგან ყოველწლიურად მომწოდებლები ფასებს ზრდიან და ასევე იცვლება ვალუტის კურსი, რაც მედიკამენტის ღირებულებაზე გავლენას ახდენს.
“ისეთი ბაზრისთვის, როგორიც არის საქართველოს აბსოლუტურად იმპორტდამოკიდებული ბაზარი, მსგავსი რეგულირება, ფასებს ძალიან მჭიდრო კონტროლის ქვეშ აქცევს, მაგრამ ბიზნესი აბსოლუტურად დამოკიდებულია სხვა გარემო ფაქტორებზე. მთელი მისი ბაზარი იმპორტდამოკიდებულია. ანუ მან ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს, რომ კონკრეტული მედიკამენტები, კონკრეტული რეგულაციის შემდეგ ბაზარზე აღმოჩნდეს და ფიზიკურად და ფინანსურად პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. რა თქმა უნდა, რეგულაცია შემოსვლისას ძალიან ხისტად იყო დაწერილი. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, თან ამას თვითონ კანონმდებლობაც ითვალისწინებს, ფასების გადახედვა აუცილებელი იყო.
მაგალითად, როდესაც რეფერენტული ქვეყნების შერჩევა მოხდა, ოთხი ქვეყნიდან ორი საერთოდ არ მონაწილეობს ქვეყნის იმპორტის ნაწილში. ანუ აქ უკვე ლეგიტიმურია ის არგუმენტი, რომ გადაიხედოს რეფერენტული ქვეყნები, ხომ არ შევარჩიოთ და ხომ არ ჩავანაცვლოთ იმ ქვეყნებით, რომელიც მაგალითად იმპორტში მეტი წილით მონაწილეობენ, ვიდრე უკვე არსებული სხვა დანარჩენი რეფერენტული ქვეყანა. ანუ ჩვენ გვაქვს ხედვები, რომელზედაც მიდის დიალოგი და ძალიან კარგია, რომ მესამე წელს უკვე, როგორც იქნა, მოხდა ფასების განახლება.
ამის განახლება წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს, არ უნდა დაირღვეს ეს პროცესები, იმიტომ რომ ყოველ წელს მომწოდებელი, მწარმოებელი მედიკამენტის ფასს აძვირებს, ეს არავისთვის არ არის დაფარული ინფორმაცია და ასევე ხდება კურსის ცვლილებაც. ეს პროცესები აბსოლუტურად იმპორტდამოკიდებული ბაზრისთვის ძალიან მტკივნეულია”, - ამბობს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი ილონა კოკიაშვილი.