ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვრის 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე გაზრდის შედეგად, ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება დაახლოებით 81 ათას ოჯახს მოეხსნება. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსმა მამუკა ბარათაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოქმედი წესით აღნიშნულ ოჯახებს ჯამურად დაახლოებით 22 მილიონი ლარის ქონების გადასახადის გადახდა უწევდათ.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, შეღავათი შეეხება ფიზიკურ პირებსა და ოჯახებს, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება. კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, რათა შეღავათით მოქალაქეებმა უკვე მიმდინარე წელს ისარგებლონ.

"ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ქონების გადასახადთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს.

კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე იზრდება, რაც ნიშნავს, რომ, დაახლოებით, 81 ათასი ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის.

კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, რათა შესაბამისმა პირებმა უკვე მიმდინარე წელს ისარგებლონ აღნიშნული შეღავათით", - განაცხადა შემოსავლების სამსახურის ახალმა უფროსმა.

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის სახით ბიუჯეტში 114 მილიონი ლარი გადაიხადეს.