„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები შეიმუშავეს, რომლებიც ბანკის საბჭოს წევრების უფლებამოსილებას, მათი თანამდებობიდან გათავისუფლების წესსა და ბანკის მართვის სტრუქტურას ეხება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, ზურაბ რურუა და ილია ინჯია.

კანონპროექტის, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, თანახმად, ეროვნული ბანკის მართვის წესები, საბჭოს წევრობის კრიტერიუმები და ციფრულ ლართან დაკავშირებული უფლებამოსილებები იცვლება.

ცვლილებების მიზანი ეროვნული ბანკის მართვის სისტემის გაუმჯობესება, პასუხისმგებლობების უფრო მკაფიოდ განაწილება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაციების გათვალისწინებაა.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის მინიმუმ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილების მოთხოვნაა. კანდიდატს შესაბამისი გამოცდილება ეკონომიკის, ფინანსების, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან სხვა შესაბამის სფეროში უნდა ჰქონდეს. ამასთან, ეკონომიკისა და ფინანსების მიღმა სხვა დარგის სპეციალისტების რაოდენობა საბჭოში ორს არ უნდა აღემატებოდეს. ახალი მოთხოვნები მოქმედ წევრებს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არ შეეხება.

ამჟამად საბჭო ცხრა წევრისგან შედგება, მათ შორის არიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი. არსებული ინფორმაციით, ეკონომიკურ და საბანკო სფეროში 10-წლიანი გამოცდილება, სავარაუდოდ, მხოლოდ ნანა ყეინიშვილს არ აქვს.

ასევე, კანონპროექტის თანახმად, საბჭოს შეეძლება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტში დარგის ექსპერტი მოიწვიოს და თავად განსაზღვროს მისი შერჩევის კრიტერიუმები, პროცედურა და ანაზღაურება.

იცვლება პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების წესიც. თუ პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოვალეობას ვერ შეასრულებს და საბჭო ერთი თვის განმავლობაში შემცვლელს ვერ შეარჩევს, პრეზიდენტის მოვალეობას ავტომატურად ყველაზე ადრე დანიშნული ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს.

ცვლილებები ციფრულ ლარსაც ეხება. კანონში გაფართოვდება „ფულის ნიშნებისა“ და „ემისიის“ განმარტებები, რათა ციფრული ფორმით ფულის გამოშვებაც მოიცვას. ამასთან, განისაზღვრება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები ციფრული ლარის დამზადების, გამოშვებისა და მიმოქცევის მიმართულებით.

კიდევ ერთი სიახლე ეროვნული ბანკის დავების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესს ეხება: სასამართლოსთვის მიმართვის ვადა ერთი თვე იქნება, თუმცა გასაჩივრება გადაწყვეტილების მოქმედებას არ შეაჩერებს.

შეგახსენებთ, კანონპროექტის წარდგენას წინ უძღოდა სკანდალი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილის გარშემო.

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ყეინიშვილი ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯის“ მფლობელისგან ბიზნესის წილს ითხოვდა. მას შემდეგ, რაც მფლობელმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, კომპანია ეროვნულმა ბანკმა 572 მილიონი ლარით დააჯარიმა. გამოძიების მიხედვით, ყეინიშვილი და მისი ოჯახის წევრები ასევე ფლობენ ან მართავენ ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ ბიზნესებს, რაც კანონმდებლობასთან შესაძლო შეუსაბამობის საკითხს აჩენს.

9 ოქტომბერს გენერალურმა პროკურატურამ ყეინიშვილის შესაძლო უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა.

იმავე დღეს ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვიტა, რომ გამოძიების დასრულებამდე ყეინიშვილი საბჭოს გადაწყვეტილებების მომზადებასა და მიღებაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

თავად ყეინიშვილი ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, კრიპტოკომპანიისგან წილი არ მოუთხოვია და „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებასთან კავშირი არ აქვს.

მომზადებულია „რადიო თავისუფლების“ და „ინტერპრესნიუსის“ მასალების მიხედვით.