პარლამენტში ინიციირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის 8 აგვისტომდე დაწყებული და დღემდე დაუსრულებელი მშენებლობების საგადასახადო შეღავათის მოქმედების ვადა ოთხი წლით გაგრძელდება. ცვლილების თანახმად, შეღავათი 2029 წლის ნაცვლად 2033 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს.
კანონპროექტი დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. მისი მიღება დაჩქარებული წესით იგეგმება, ხოლო კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.
მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნულ მშენებლობებთან დაკავშირებული უძრავი ქონების მიწოდება და სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით 2029 წლის 1 იანვრამდეა გათავისუფლებული. ახალი ინიციატივა შეღავათის მოქმედების ვადის 2033 წლის 1 იანვრამდე გაგრძელებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბოლოს ამ შეღავათის ვადა უკვე გადაიხედა და 2025 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით წლებია მოქმედებს პროგრამა, რომლის მიზანიც დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებაა. პროგრამის ფარგლებში ვალდებულებების შესრულებაში ჩართული დეველოპერული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია საბანკო დაფინანსების ხელმისაწვდომობა.
დოკუმენტის თანახმად, ვინაიდან ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების მოქმედი ვადა 2029 წლით განისაზღვრებოდა, დეველოპერულმა კომპანიებმა და საბანკო სექტორმა შეღავათის გაგრძელების საჭიროება დააყენეს. ვადის გახანგრძლივებამ შესაძლოა გაზარდოს საკანონმდებლო გარემოს პროგნოზირებადობა და ბანკებს პროექტების დასასრულებლად საჭირო დაფინანსების გაცემის შესაძლებლობა გაუმარტივოს.
კანონპროექტის ავტორების შეფასებით, ცვლილებამ შესაძლოა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები დღგ-ის ნაწილში შეამციროს. ამასთან, ინიციატივა არ ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების ზრდას ან სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების დაკისრებას.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, შოთა ბერეკაშვილი, ბეჟან წაქაძე, გიორგი ბარვენაშვილი და ზურაბ რურუა. დოკუმენტი თბილისის მერიის ჩართულობით მომზადდა.