როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ კვლევა ჩაატარა და საკუთარ მომხრეებშიც აღმოაჩინა, რომ უკმაყოფილოები არიან ფასების ზრდით და ახლა მთავრობამ ხომ უნდა აჩვენოს, რომ რაიმეს აკეთებს?! - ამის შესახებ ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა, გიორგი კეპულაძემ სურსათის ფასებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არსებობს, არც კონკურენცია და ხშირია გარიგებები, ძნელია ვისაუბროთ იმაზე, რომ მთავრობა ფასების შემცირებას მოახერხებს“.

„სასურსათო ფასები არის ის თემა, რომელიც ყველას აწუხებს. ფასების ზრდის მიზეზები ძალიან ბევრია, რადგან საქართველო არის სარისკო ქვეყანა ინვესტიციებისთვის, შესაბამისად ის ბიზნესები, რომლებიც აქ შემოდიან, ცდილობენ, რომ თავისი საპროცენტო განაკვეთებითა და მარჟებით დააზღვიონ ეს რისკები იმისათვის, რომ მათ ოპერირებას ბაზარზე აზრი ჰქონდეს.

პროდუქტებზე ფასნამატის მიზეზი შეიძლება იყოს სუპერმარკეტების რაიმე მოთხოვნა, ასევე ფისკალური მიზეზი, როგორ მუშაობს მთავრობა, როგორია ბიუჯეტის ხარჯვა, ასევე ეროვნული ბანკი, თავისი მონეტარული პოლიტიკით. მაგრამ მთავრობას უფრო მეტი ბერკეტი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეებს.

მთავრობას შეუძლია, რომ ხელი შეუწყოს კონკურენციის ზრდას. როდესაც რაიმე პროდუქტის იმპორტიორი 3 კომპანიაა, მეოთხე კომპანია ბაზარზე ვეღარ შედის. ეს კი კლანურ-მაფიოზური გარიგებების შედეგია.

რაც შეეხება სასურსათო ფასებთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ კვლევა ჩაატარა და საკუთარ მომხრეებშიც აღმოაჩინა, რომ უკმაყოფილოები არიან ფასების ზრდით და ახლა მთავრობამ ხომ უნდა აჩვენოს, რომ რაიმეს აკეთებს. წარმოუდგენელია, ამას გრძელვადიანი დადებითი შედეგი მოჰყვეს. ეკონომიკის ფაკულტეტის პირველ კურსზე ასწავლიან, რომ ამ გზებით ფასების შემცირება არ ხდება. კომისიების შექმნა არის ხმაური და ბაქი-ბუქი, რომ ვითომ რაიმე კეთდება. შემდეგ, ალბათ ახალ თემას წამოწევენ და სხვა თემით გადაფარავენ.

ბიზნესებს ჯარიმა რომ გამოუწერონ და უთხრან - „თქვენი ბრალია ფასების ზრდაო“ - მერე სად მიდიან ეს ადამიანები სიმართლის დასამტკიცებლად? მურუსიძის სასამართლოში? შესაბამისად ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არსებობს, არც კონკურენცია და ხშირია გარიგებები, ძნელია ვისაუბროთ იმაზე, რომ მთავრობა ფასების შემცირებას მოახერხებს“,- განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

www.interpressnews.ge