მთავრობამ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა გაზარდა, - ამის შესახებ 30 ივნისის მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა, რომელსაც ხელს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

როგორც განკარგულებიდან ირკვევა ცვლილება შევიდა 20 მაისის განკარგულებაში და შესაბამისად სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს პირველად განსაზღვრულ თანხაზე 304 272 ლარით მეტი, ჯამში 814 472 ლარი გამოეყოფა.

ცნობისთვის, პარლამენტმა 20 თებერვალს დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლითაც მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემის უფლება ექნება. 

მთავრობის ინფორმაციით, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი, რაც მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნას და ფუნქციონირებას, ასევე, გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას. სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით, ათი პირი დასაქმდება.