“ფორსაითის” დირექტორის და მთავარი საინვესტიციო ოფიცრის შეფასებით, უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების კანონმდებლობამ შესაბამისი საგადასახადო შეღავათებიც უნდა გაითვალისწინოს.

საქმე ისაა, რომ საქართველოში უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების რეგულირების ჩარჩო შეიქმნება. შესაბამის კანონმდებლობაზე ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობენ და საკანონმდებლო განხილვების დაწყება პარლამენტში მიმდინარე წელს იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში შევა.

როგორც რატი მორჩილაძე BMG-სთან აცხადებს, მსგავსი ფონდების ანუ ე.წ REIT-ების ხელშესაწყობად სხვადასხვა ქვეყნებში საგადასახადო შეღავათები მოქმედებს, მათ შორის რიგ ქვეყნებში უძრავი ქონებიდან მიღებული იჯარა არ იბეგრება ან მასზე დაბალი საგადასახადო განაკვეთი მოქმედებს.

“მარეგულირებელ ჩარჩოს რაც შეეხება, ფუნდამენტი დღეს უკვე არსებობს, ეს არის „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი, რომელიც 2020 წლის შემდეგ მუშაობს და დაახლოებით 20-მდე ფონდი საქართველოში უკვე აქტიურია. უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების, REIT-ების ნაწილი იქნება დამატება ამ არსებულ კანონში, რომელიც გააჩენს უბრალოდ ახალ კატეგორიას საინვესტიციო ფონდის, რომელსაც ერქმევა “რეითი” და განსხვავება ძირითადად რამდენიმე პრინციპი იქნება. ეს არის საგადასახადო შეღავათი, რომელიც მე დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება, იმიტომ რომ სხვადასხვა ქვეყნებში “რეითების” განვითარების ყველა წარმატებული "ქეისი" საგადასახადო წახალისების მექანიზმს მოიცავს.

მეორე არის ის, რომ მკაცრად უძრავი ქონების ინვესტიციებს და მკაცრად გაიჯარებულ უძრავ ქონებას ეხება ეს. ეს არ არის მექანიზმი, რითიც უძრავი ქონების მშენებლობას დავაფინანსებთ, ეს არ არის მექანიზმი, ბინებს ვიყიდით. ეს არის ძირითადად კომერციული უძრავი ქონების შესყიდვის მექანიზმი, საიდანაც შემდეგ გენერირდება იჯარა და მონაწილეებს, ინვესტორებს უნაწილდებათ აქედან მიღებული შემოსავალი. ანუ კანონის ფუნდამენტი უკვე არსებობს, ახლა უბრალოდ საჭიროა, რომ REIT-სთვის დამახასიათებელი შიდა ჩარჩო გაჩნდეს, რომელიც უკვე კონკრეტულად დაარეგულირებს მას და შესაძლებელს გახდის, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საქართველოშიც შესაძლებელი იყოს ასეთი ინსტრუმენტის შექმნა.

დღევანდელი საგადასახადო კანონმდებლობით უძრავი ქონებიდან მიღებული იჯარა 20%-ით იბეგრება. საუბარი არის, რომ სხვადასხვა მექანიზმებით უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების შემთხვევაში ან შემცირდეს ეს საგადასახადო ტვირთი, ან საერთოდ ნული იყოს. ამის ორივე პრეცედენტი არსებობს, რომ ერთ შემთხვევაში ან შეღავათია, ან მეორე შემთხვევაში საერთოდ განულებულია.

როგორც ვიცი, მიმდინარე სამუშაოები მიდის ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის, რომ კონკრეტულ საგადასახადო რეჟიმზე მოხდეს შეთანხმება. ყველა საერთაშორისო წარმატებული მაგალითი აჩვენებს, რომ საგადასახადო შეღავათების გარეშე “რეითების” ინსტრუმენტი ზოგადად ვერ ვითარდება. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ნაწილში მოხდეს ასეთი მსუბუქი საგადასახადო რეჟიმის შემუშავება”, - განაცხადა რატი მორჩილაძემ.

წყარო: bm.ge