მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიების (სავანეთი, დილა, კოდა და კუმისი) ცნობით, მათ მიერ წარმოებულ კვერცხზე ფასს შეამცირებენ. კომპანიები აღნიშნავენ, რომ კვერცხის 5%-ით გაიაფების გადაწყვეტილება ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ სასურსათო პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ მიიღეს.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით კვერცხის ფასი 5.46%-ით გაძვირდა. კვერცხის მწარმოებლები ამბობდნენ, რომ 1 კვერცხის ღირებულებამ 1-2.5 თეთრით მოიმატა.

2025 წლის 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". კობახიძისვე მოთხოვნით შეიქმნა საპარლამენტო კომისიაც.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.

ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა მწარმოებლებს, კომპანიების წარმომადგენლებს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა.

4 თებერვალს ივანიშვილის პარლამენტმა სურსათზე, წამლებსა და საწვავზე მაღალ ფასებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრები დაამტკიცა.

tabula.ge