საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ისტორიულ ძეგლს, ფორტ ბოიარს, გადარჩენის შანსი გაუჩნდა. ოკეანის ტალღებისა და შტორმებისგან დაზიანებული ციხესიმაგრე საფრანგეთის ეროვნულ „მემკვიდრეობის ლატარიაში“ შეიტანეს, რაც ნიშნავს, რომ ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხა მის აღდგენას მოხმარდება.
ფორტ ბოიარი მსოფლიოში განსაკუთრებით ცნობილი გახდა საკულტო სატელევიზიო შოუს წყალობით, თუმცა მისი ისტორია გაცილებით ძველია. XIX საუკუნეში აშენებული ციხესიმაგრე თავდაპირველად ატლანტის სანაპიროზე მდებარე როშფორის სამხედრო-საზღვაო ბაზის დასაცავად გამოიყენებოდა. მოგვიანებით, არტილერიის განვითარებამ ფორტს სამხედრო მნიშვნელობა დაუკარგა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ციხედაც გამოიყენებოდა.
დღეს ფორტის მთავარი საფრთხე ოკეანეა. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ნაგებობა ტალღებს, დინებებსა და შტორმებს უძლებდა, თუმცა დამცავი ტალღმჭრელები თანდათან დაინგრა და ციხესიმაგრე ბუნებრივი ზემოქმედების წინაშე დაუცველი დარჩა. სწორედ ამიტომ, რესტავრაციის მთავარი ნაწილი ისტორიული ტალღმჭრელების აღდგენა იქნება, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მასალების გამოყენებით.
პროექტის ფარგლებში ინჟინრები შეეცდებიან, მაქსიმალურად ზუსტად აღადგინონ ძველი ნავსადგურის კონტურები და ამავდროულად ფორტის პირვანდელი იერსახე შეინარჩუნონ. ახალი დამცავი ბლოკები ტალღების ძალას შეამცირებს მანამ, სანამ წყალი ფორტის კედლებამდე მიაღწევს.
რესტავრაციის დასრულება 2028 წელს იგეგმება, რის შემდეგაც ფორტ ბოიარის ტურისტებისთვის გახსნა სურთ. სამუშაოებისთვის საჭირო თანხა 44 მილიონ ევროს შეადგენს. ეს თანხა საფრანგეთის „მემკვიდრეობის ლატარიის“ ფარგლებში შეგროვდება, რომლის მიზანიც ისტორიული ძეგლების აღდგენაა. 2018 წლიდან დღემდე ამ პროგრამით ათასზე მეტი ძეგლის რესტავრაციისთვის 365 მილიონ ევროზე მეტი შეგროვდა.