სინამდვილეში ძალიან წინააღმდეგობრივი ინიციატივაა. რამე ეკონომიკური გამართლება რომ ჰქონდეს რაღაც ასეთს, ამას თვითონ ბანკები შექმნიდნენ, ბაზარში ასეთი უხეში ჩარევა მთავრობის საქმე ნამდვილად არ არის, - ამგვარად აფასებს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მომსახურების საფასური ერთი ტერმინალით გადაიხადოს.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას გიგა ბედინეიშვილი არ გამორიცხავს, რომ იდეას ლობისტები ჰყავდეს და საბოლოო ჯამში, „ეს იქნება „ქართული ოცნების“ ვიღაც შემომწირველი“.
„დიდი ალბათობით, ვიღაც ლობისტობს ამ იდეას, რომელსაც უნდა, რომ რაღაც საკანონმდებლო ბაზა ჰქონდეს. არ არის გამორიცხული, მთავრობასთან კოორდინირებული ბიზნესი გამოჩნდეს და ვიღაცას ექნება ექსკლუზიური უფლება, მომხმარებლებს მოემსახუროს. აქ უკვე ბანკები იძულებული იქნებიან, მასთან ითანამშრომლონ. დიდი ალბათობით, ეს იქნება „ქართული ოცნების“ ვიღაც შემომწირველი ან რაღაც მსგავსი“, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.
ფინანსისტი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, მთავრობამ პრიორიტეტები განსაზღვროს და სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აკეთოს. გიგა ბედინეიშვილის პოზიციაა, რომ ეკონომიკურ საქმიანობაში მსგავსი ტლანქი ჩარევები სამომავლოდ კარგს არაფერს მოიტანს.
„ავდგეთ და ერთი ბანკი შევქმნათ. საბჭოთა კავშირი სხვა კი არაფერი იყო. მერამდენედ უნდა ვეცადოთ, ველოსიპედის გამოგონება?!“, - განაცხადა ფინანსისტმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში.