საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.
როგორც მოსალოდნელი იყო, სებ-ის ცენტრალური სცენარის შესაბამისად, ინფლაციის ტემპმა ნორმალიზაცია დაიწყო და ნოემბრის მდგომარეობით 4.8 პროცენტი შეადგინა. ამავდროულად, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურად მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში ნარჩუნდება, რაც შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორებში ვლინდება. კერძოდ, საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.3 პროცენტი შეადგინა. ასევე, მიზნობრივ დონესთან ახლოს, 2.6 პროცენტის ფარგლებშია მომსახურების ინფლაცია. მიმდინარე, მიზნობრივ 3 პროცენტზე, მაღალ ინფლაციას კვლავ სურსათის ფასები განაპირობებს, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი საბაზო ეფექტისა და ეგზოგენური ფაქტორების ასახვაა. ცენტრალური სცენარის თანახმად, სხვა თანაბარ პირობებში, სურსათის ფასების ზრდას ინფლაციაზე მხოლოდ დროებითი გავლენა ექნება და მისი ეფექტები ეტაპობრივად ამოიწურება. ამავდროულად, მთლიანი მოთხოვნაც, მოლოდინების შესაბამისად, ეტაპობრივად უბრუნდება გრძელვადიან ტრენდს, რაც ფასებზე მოთხოვნის მხრიდან წნეხს არბილებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრალური სცენარის მიხედვით, 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 4 პროცენტი იქნება, ხოლო 2026 წლის მეორე კვარტალიდან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება და წლიურად საშუალოდ 3.5 პროცენტს გაუტოლდება.
მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები უფრო გამოკვეთილია, თუმცა ასევე, კვლავ ნარჩუნდება შემცირების მიმართულებით მოქმედი რისკებიც. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) ცენტრალურ სცენართან ერთად განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები და გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღო სხვადასხვა მიმართულებით მოქმედი რისკები.
მაღალინფლაციური რისკის სცენარი, რომელიც მპკ-მ განიხილა, ერთი მხრივ, მოქნილი ფასების ინფლაციის (მეტწილად, სურსათის) ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნებას მოიაზრებს. თავის მხრივ, მთლიანი ინფლაციის მიზნობრივიდან ხანგრძლივად გადახრამ შესაძლოა ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით იმოქმედოს. ასევე ამ სცენარით, გლობალურად მიმდინარე მოვლენების ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული პროდუქტების ფასების ცვლილებაც საყურადღებო ფაქტორად რჩება. განსაკუთრებით გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავების პირობებში, ნავთობის ფასების მოსალოდნელი დინამიკა ცენტრალურთან შედარებით უფრო მაღალი იქნება, რაც ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა. ეკონომიკური ფრაგმენტაციის მოსალოდნელზე მეტად გააქტიურებაც კვლავ ინფლაციურ რისკად რჩება, რადგანაც მან შესაძლოა მიწოდების ჯაჭვებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს და გლობალურად გაზარდოს ინფლაცია. ამ რისკების რეალიზება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრებას მოითხოვს.
მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. კერძოდ, მიმდინარე ეტაპზე ადგილობრივი შრომის ბაზრის ტენდენციები ფასებზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს, რაც დაბალინფლაციური სცენარის განვითარების შესაძლებლობებს აძლიერებს. ამავდროულად, დოლარის სუსტი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება, საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის კლებადი ტენდენციასთან ერთად, იმპორტირებული პროდუქტების დაბალი ინფლაციის გზით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.
მაკროეკონომიკური ანალიზისა და ზემოხსენებული სცენარების განხილვის შედეგად, მპკ-მ ოპტიმალურად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება მომავლის განახლებულ მონაცემებსა და რისკების რეალიზებაზე. ცენტრალური სცენარის შესაბამისად, მხოლოდ მას შემდგომ, რაც მიმდინარე ერთჯერადი ფაქტორები ამოიწურება და ინფლაცია დაუახლოვდება მიზნობრივ დონეს, ეროვნული ბანკი გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზებას. თუმცა, თუ სხვადასხვა ერთჯერადი ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ინფლაცია მიზნობრივზე მაღალ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნდა, მპკ მზად არის არსებული მკაცრი პოზიციის მოსალოდნელზე ხანგრძლივად შეინარჩუნოს და, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მეტად გაამკაცროს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 11 თებერვალს ჩატარდება.
ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.