„სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა.

მისი თქმით, სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების საკითხი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რაც ზედმიწევნით სრულდება.

„წინა მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულება. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტშიც, დაახლოებით, 27% არის აღნიშნული მიმართულების წილი. წინაზე ვისაუბრე „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენეტის დაფინანსების“ პროგრამის შესახებ, რომლის განხორციელება მიმდინარე წლის სექტემრიდან დავიწყეთ. ამ მცირე დროის განმავლობაში, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი - „აქტემრა“ უკვე 129 მოქალაქეს დავუფინანსეთ.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი - „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა. აღნიშნული პროგრამის განხორციელებაც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და, რა თქმა უნდა, ჩვენ მივყვებით ყველა იმ დაპირების აღსრულებას, რომელიც  მოსახლეობას მივეცით“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 
 
მისივე თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროგრამის მოსარგებლეები არიან - მერიისთვის განცხადებით მიმართვამდე, ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ.

კახა კალძემ ხაზი გაუსვა, რომ მერია არ ზღუდავს მოქალაქეებს და მათ სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევის საშუალებას აძლევს.

„მერიის პროგრამით სარგებლობისთვის, მოქალაქემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, შესაბამისი საბუთებით ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს. თბილისის მერია მომსახურების მისაღებად მატერიალიზებულ ვაუჩერს/თანხმობის წერილს გასცემს და დაფინანსების თანხა შეადგენს არაუმეტეს 6 000 ლარს. პაციენტის თანაგადახდა ფაქტიური ხარჯის გათვალისწინებით განისაზღვრება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და ყველა იმ ადამიანს ხელს შევუწყობთ, ვინც ამ საჭიროების წინაშე დგას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს