საქართველოს ეკონომიკური შედეგები მყარია, გონივრული მაკროეკონომიკური მართვის და პოლიტიკის საფუძველზე. ამავდროულად, გლობალური გაურკვევლობის ზრდის ფონზე, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში ომის გათვალისწინებით, პერსპექტივის მიმართ გამოწვევები იზრდება. თუ კონფლიქტი მოკლევადიანი იქნა, ველით, რომ საქართველოს ეკონომიკა ძლიერ ზრდას განაგრძობს, თუმცა უფრო ზომიერი ტემპით. ეს ბოლო წლების გონივრული მართვის გაგრძელება იქნება, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა თბილისში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად მისიის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანმა ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა სურსათის და ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო, საბაზო ინფლაცია შეზღუდული რჩება.
„საგარეო პოზიცია გაძლიერდა, რამეთუ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა და საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ფისკალური პოლიტიკის დისციპლინა შენარჩუნებულია, სახელმწიფოს ვალი დაბალია. თუმცა, ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი გეოპოლიტიკური რისკები მზარდია: მათ შორის, ახლო აღმოსავლეთის ომის შესაძლო გახანგრძლივების გამო. საქართველო უკეთ მომზადებულია საგარეო შოკებთან გასამკლავებლად, ძლიერი მაკროეკონომიკური საფუძვლით და პოლიტიკის ბუფერებით. სამომავლო პოლიტიკა უნდა მიიმართოს მაკრო-ფინანსური სტაბილურობის და დიდი შრომით მიღებული სანდოობის შენარჩუნებაზე. ძლიერი ზრდის შენარჩუნების და მეტი სამუშაო ადგილის შექმნის მიზნით, სტრუქტურული რეფორმები უნდა აჩქარდეს“, - განაცხადა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.
„ბოლოდროინდელი ეკონომიკური ვითარება, პერსპექტივა და რისკები:
2026 წლის დასაწყისში, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებამდე, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მაღალი იყო. წინასწარი შეფასების მიხედვით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2026 წლის იანვარ-თებერვალში 8.4 პროცენტი შეადგინა, რაც 2025 წლის 7.5 პროცენტიან ზრდას აღემატება. მიწოდების მხარეს, აქტივობა განპირობებული იყო ინფორმაციული და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICT), ტრანსპორტის და განათლების სერვისების მუდმივი მატებით. მოთხოვნის მხარეს, კერძო მოხმარება იყო ზრდის მთავარი მამოძრავებელი, რომელსაც ხელს უწყობდა ზომიერი, მაგრამ კვლავ ძლიერი ხელფასების და სამომხმარებლო სესხების რეალური ზრდა. წინმსწრები ინდიკატორები მიუთითებენ, რომ ომის ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენა ჯერ ძირითადად მხოლოდ ტურიზმს შეეხო. თუ დავუშვებთ, რომ კონფლიქტი მოკლევადიანი იქნება, ამ წლის რეალური მშპ-ს ზრდა 5.3 პროცენტამდე იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში 5 პროცენტს, თავის პოტენციური ზრდის ტემპს, დაუახლოვდება.
ინფლაციური წნეხი განსაკუთრებით კონფლიქტის დაწყების შემდეგ გაიზარდა, თუმცა საბაზო ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
2025 წლის ბოლოს, სამომხმარებლო ფასების ინფლაციამ 4 პროცენტი შეადგინა, ხოლო მარტში 4.3 პროცენტამდე მოიმატა, რაც იმპორტირებული საკვებისა და ნავთობის ფასების ზრდას ასახავს, რაც, ნაწილობრივ, ახლო აღმოსავლეთის ომთან არის დაკავშირებული. ამასთან, საბაზო ინფლაცია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიზნობრივ 3%-ზე დაბლა ნარჩუნდება. 2026 წლის პირველ ნახევარში, ინფლაციის მაღალ დონეზე შენარჩუნებაა მოსალოდნელი, რაც განპირობებულია საწვავის და ელექტროენერგიის ფასების ზრდით, ხოლო 2027 წლის შუა პერიოდში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლამდე შემცირდება, რადგან სურსათისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდის ერთჯერადი ეფექტი მიილევა, მოთხოვნა შემცირდება და გამოშვების გაპი დაიხურება.
საგარეო პოზიცია გაუმჯობესებულია, თუმცა მოწყვლადია ენერგომატარებლების ფასების და ტურიზმიდან შემოსავლების ცვალებადობის მიმართ.
პირველადი შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2025 წელს მშპ-ს 2.6%-მდე შემცირდა, რასაც ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტმა, ენერგომატარებლების იმპორტზე დაბალმა ხარჯმა და ფულადი გადმორიცხვების კარგმა მაჩვენებელმა. ქვეყნის მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და პირველად, 2022 წლის შემდეგ, სსფ-ს რეზერვების ადეკვატურობის ზღვარს გადააჭარბა, მაღალი სავალუტო შემოდინებების პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ დიდი ოდენობით უცხოურ ვალუტის შესყიდვების წყალობით, ასევე დეპოზიტების დე-დოლარიზაციის და სარეზერვო აქტივების ფასის მატების გამო. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2026 წელს 5%-მდე გაიზრდება ნავთობის მაღალი ფასის და ტურიზმის შემოსავლების კლების გამო, და საშუალოვადიან პერიოდში ამავე დონეზე შენარჩუნდება, წარმოების პოტენციურთან დაახლოების და ნაკლებად იმპორტ- ინტენსიური სექტორების (საინფორმაციო ტექნოლოგიები და განათლების სერვისები) ზრდის გაგრძელების გამო, რაც თავის მხრივ იმპორტს შეაკავებს.
ფისკალური მაჩვენებლები ძლიერია.
ფისკალური დეფიციტი 2025 წელს გეგმაზე მნიშვნელოვნად დაბალი იყო, მაღალი შემოსავლების და კაპიტალური ხარჯის დაბალი ათვისების გამო, ხოლო საჯარო სექტორის ვალი მშპ-ს 35%-ზე ნაკლებია. 2026 წლის ბიუჯეტი მართებულად მიზნად ისახავს ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-ს 2.5%ზე შენარჩუნებას, კაპიტალური ხარჯების აღდგენის ფონზე. გასულ წელს პროექტების განხორციელებაში და შესყიდვების პროცესში არსებული შეფერხებების შემცირებას და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესს ველით. დეფიციტის წლიური შედეგი შეიძლება ბიუჯეტით დაგეგმილზე დაბალი აღმოჩნდეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მოსალოდნელზე მაღალი დივიდენდის და მაღალი საბიუჯეტო შემოსავლების გათვალისწინებით. $500 მილიონი ევროობლიგაციის წარმატებული რეფინანსირება იანვარში ასახავს ინვესტორთა ნდობას საქართველოს მაკროეკონომიკური საფუძვლის და პოლიტიკის საიმედოობის მიმართ.
მომავალი პერსპექტივა მაღალი გაურკვევლობით ხასიათდება და, დიდწილად, საგარეო ვითარებაზეა დამოკიდებული. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებამ, შესაძლოა, მეტად დააზიანოს ტურისტული ნაკადები ისრაელიდან და ყურის ქვეყნებიდან, გაზარდოს ინფლაცია და გაამკაცროს ფინანსური პირობები. თუმცა, უფრო ხანგრძლივი კონფლიქტის ვითარებაში, შესაძლოა ფინანსური და ტურისტული ნაკადების საქართველოსკენ გადმომისამართება მოხდეს და შუა დერეფანში ტრანზიტი გაიზარდოს. უკრაინაში მშვიდობის შეთანხმების მიღწევამ შესაძლოა გადაწონოს მიგრაციით, ფინანსური შემოდინებით და ტრანზიტული ვაჭრობით მიღებული გარკვეული სარგებელი, თუმცა, ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობს ფართო რეგიონის სტაბილურობას და ნდობას. აგრეთვე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებამ შეიძლება ახალი სავაჭრო გზები გააჩინოს, საქართველოს გვერდის ავლით, თუმცა ეს მთლიანი რეგიონისთვის მეტი ინვესტიციის მოზიდვის საშუალებას ნიშნავს. ევროკავშირთან ურთიერთობის გამოწვევები შესაძლოა აისახოს ინვესტორთა განწყობაზე და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე, ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორის მიერ დაგეგმილი 6.6 მილიარდი აშშ დოლარის უძრავი ქონების პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან დადებით ფაქტორს ეკონომიკის ზრდისა და დასაქმებისთვის.
პოლიტიკის პრიორიტეტები
მონეტარული და გაცვლითი კურსის პოლიტიკა.
მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან შენარჩუნებაზე უნდა იყოს მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პოლიტიკას გარდამავალ მიწოდების შოკებთან გამკლავება უწევს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მართებულად აღნიშნა, რომ პოლიტიკის გამკაცრებისთვის მზადაა, იმ შემთხვევაში თუ ინფლაციური წნეხი შენარჩუნდება, ინფლაციის მეორე რაუნდის ეფექტები წარმოიქმნება ან ინფლაციური მოლოდინების მართვის რისკები გაძლიერდება. გაცვლითი კურსის მოქნილობა უნდა შენარჩუნდეს, ხოლო სავალუტო ინტერვენციები შეზღუდული უნდა იყოს მხოლოდ ჭარბი მერყეობის ეპიზოდების შესარბილებლად. ამავე დროს, შესაძლებლობის შემთხვევაში რეზერვების დაგროვება ბუფერებს გაზრდის საქართველოს მაღალი დოლარიზაციის მქონე ეკონომიკისთვის.
საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობა
სებ-ის მმართველობის რეფორმის წინ წაწევა ინსტიტუციური დაცვის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია. სსფ-ს 2022 წლის “დაცვითი პირობების შეფასების” მოთხოვნათა უმეტესი ნაწილი განხორციელებულია. მათ შორის, დისკრეციული ტრანსფერების შესაძლებლობის შეზღუდვა. ამასთან, სსფ-ს ბოლო ტექნიკურმა დახმარებამ დაასახელა დამატებითი სფეროები, რომელთა გაუმჯობესება შესაძლებელია. პროგრესი უკვე მიღწეულია მმართველო საბჭოს აღმასრულებელ წევრებს შორის პასუხისმგებლობების გადანაწილების და ეროვნული ბანკის მმართველობის გადაცემის მარეგულირებელი ჩარჩოს საკითხზე, რაც მისასალმებელია. შემდგომი გეგმები მოიცავს გადაწყვეტილებების მიღების
კოლეგიალურ ფორმატს, საბჭოს წევრების საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მმართველი საბჭოს ზედამხედველობითი ფუნქციის დახვეწა მნიშვნელოვანია, რათა ეროვნული ბანკის მმართველობის ჩარჩო საუკეთესო საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას მიესადაგოს.
ფისკალური პოლიტიკა
სახელმწიფოს ვალის არსებულ დონესთან ახლოს შესანარჩუნებლად საშუალოვადიან პერიოდში ნეიტრალური ფისკალური მიდგომის გაგრძელება მიზანშეწონილია. თუ კონფლიქტი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ეკონომიკურ აქტივობაზე და მსყიდველუნარიანობაზე, ბიუჯეტის პარამეტრების ფარგლებში დასაშვებია ყველაზე მოწყვლად პირებისთვის დროებითი და მიზნობრივი დახმარების გაცემა, ფართო სუბსიდიების და გადასახადების შემცირების გარეშე. კაპიტალური ხარჯების სრული და დროული შესრულება მნიშვნელოვანია საშუალოვადიანი ზრდის მხარდასაჭერად. საგადასახადო დანახარჯების ოპტიმიზაცია, ბუნებრივი რესურსების დაბეგვრის გაუმჯობესება, გადასახადების ადმინისტრირების შემდგომი გაუმჯობესება და ხარჯების ეფექტიანობის ზრდა სხვა პრიორიტეტების დაფინანსების სივრცეს შექმნის.
სახელმწიფო საწარმოების მმართველობა.
სახელმწიფო საწარმოების მმართველობის რეფორმის შემდგომი განვითარება რჩება მთავარ კომპონენტად რეფორმის შედეგების მიღწევისა და ფისკალური რისკების შეკავებისთვის. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ხელისუფლება სამოქმედო გეგმას ანახლებს სსფ-ს ბოლო ტექნიკური დახმარების მისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში, ამასთან ფოკუსირებულია ფინანსთა სამინისტროს ფინანსური ზედამხედველობის გაფართოებაზე დიდ სახელმწიფო საწარმოთა მიმართ და კვაზი ფისკალური აქტივობების შეფასების და მართვის გაუმჯობესებაზე. რეფორმის დღის წესრიგის სხვა მიმართულებებში, მათ შორის კორპორატიული მმართველობის გაძლიერებაში, შემდგომი პროგრესი მნიშვნელოვანი იქნება.
ფინანსური სექტორის პოლიტიკა.
საბანკო სისტემა კაპიტალით კვლავ კარგად უზრუნველყოფილი, ლიკვიდური და მომგებიანია, თუმცა მუდმივი ყურადღებაა საჭირო განვითარებადი რისკების ფონზე, მათ შორის არასაბანკო ფინანსურ საქმიანობიდან. პრიორიტეტებს წარმოადგენს სწრაფი სამომხმარებლო და ცვალებადი განაკვეთის სესხების და უძრავი ქონების დეველოპერების მიერ სესხების გაცემის ზედმიწევნითი მონიტორინგი, არაჰედჯირებული სავალუტო სესხების შემცირება, ბანკის გამოსავლის და კრიზისის მართვის ჩარჩოს დასრულება, და გაერთიანებული ზედამხედველობის წინწაწევა ბანკების არასაბანკო და საერთაშორისო საქმიანობაში, სსფ-ს ბოლო ტექნიკური დახმარების რეკომენდაციებთან შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული აქტივების ფლობის მოცულობა ჯერ ისევ მცირეა, მათი სწრაფი ზრდა უსვამს ხაზს უწყვეტი ძალისხმევის მნიშვნელობას ეფექტური რეგულატორული და საზედამხედველო ჩარჩოს შესაქმნელად ვირტუალური აქტივების სერვისის მიმწოდებლებისთვის.
შრომის ბაზრის რეფორმები.
მტკიცე ზრდის შენარჩუნება და სამუშაო ადგილების შექმნა გრძელვადიანად არსებული გამოწვევების გადაჭრას მოითხოვს. ძირითადი გამოწვევა არის სტრუქტურულად მაღალი უმუშევრობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რაც გამოწვეულია სამუშაო უნარების შეუსაბამობით და დასაქმების დაბალი სტიმულის მექანიზმით, დაბალი ხელფასების ფონზე. რეფორმები უნდა მიემართოს პროფესიული განათლების და გადამზადების მხარდაჭერაზე, საჯარო დასაქმების მომსახურების გაუმჯობესებაზე, დასაქმების მსურველთა უნარების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან უკეთესი შესაბამისობის მიზნით, სოციალური დახმარების დასაქმების სტიმულებთან უკეთესი დაკავშირების და იმ მაღალი პროდუქტიულობის სექტორების ხელშეწყობაზე, რომლებიც მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს ქმნიან. საგანმანათლებლო და შრომის ბაზრის სფეროში ხელისუფლების რეფორმის დღის წესრიგი,მეწარმეობის და კაპიტალის ბაზრის განვითარების მხარდასაჭერად შექმნილი ახალ ინიციატივებთან ერთად მიმართულია ამ გამოწვევების გადასაჭრელად. განვითარების პარტნიორებთან და სექტორის მონაწილეებთან თანამშრომლობის გაგრძელება ხელს შეუწყობს ამ ძალისხმევას.
ინფრასტრუქტურა და ბიზნეს გარემო.
ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მუდმივი გაძლიერება აუცილებელია კონკურენტუნარიანობისა და დაკავშირებადობის გასაზრდელად. ინფრასტრუქტურული ინვესტიციების დაჩქარებისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით მიმდინარე ძალისხმევა მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს საქართველოს როგორც სავაჭრო და სატრანზიტო ჰაბის როლის განმტკიცებას. ანტიკორუფციული და სამართლის ინსტიტუტების გაძლიერება, პროგნოზირებადი და საბაზრო ეკონომიკისადმი მეგობრული პოლიტიკის გარემოს შენარჩუნებასთან ერთად, ბიზნესის ნდობისა და ინვესტიციების შენარჩუნების გასაღები იქნება. დაინტერესებული მხარეების დროული კონსულტაციები და პოლიტიკის ცვლილებების ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი კიდევ უფრო გააუმჯობესებს პროგნოზირებადობას და ხელს შეუწყობს რეფორმების ეფექტურ განხორციელებას“, - განაცხადა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.