საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)  დირექტორის, კრისტალინა გეორგიევას განცხადებით ახლო აღმოსავლეთში ომის გამო მსოფლიოში ფასები გაიზრდება და ეკონომიკის ზრდა შენელდება.

Reuters-თან  ინტერვიუში კრისტალინა გიორგიევამ აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომმა უკვე გამოიწვია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძლავრი შეფერხება ენერეგომატრებლების მიწოდებაში, რაც დაკავშირებულია ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ ბლოკირებასთან.

მისი თქმით, ომი თვეზე მეტია, გრძელდება და ამან უკვე გამოიწვია მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების 13%-ით შემცირება. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, იმ შემთხვევაშიც კი თუ კონფლიქტი სწრაფად იქნება დარეგულირებული, ეკონომიკის ზრდის ტემპი დიდი ალბათობით მაინც შენელდება, ხოლო ინფლაცია გაიზრდება.

გეორგიევას თქმით, ახლო აღმოსავლეთში ომი რომ არ დაწყებულიყო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2026 წელს მსოფლიო ეკონომიკის 3,3%-ით ზრდას პროგნოზირებდა, ხოლო 2027 წელს საპროგნოზო მაჩვენებელი  3,2% იქნებოდა. თუმცა, მისივე თქმით, ეს პროგნოზი გადაიხედება.

კრისტალინა გიორგიევას განცხადებით, ირანის გარშემო მიმდინარე კონფლიქტის გამო ყველაზე მეტად დაბალშემოსავლიანი ქვეყნები დაზარალდებიან, რომლებსაც არ აქვთ ენერგეტიკული რესურსების მარაგი და მოსახლეობას ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხითაც ვერ დაეხმარებიან. გეორგიევას თქმით, ეს, თავის მხრივ, გაზრდის სოციალურ-პოლიტიკური რყევების საფრთხეს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივასთან დაკავშირებით ანგარიშს 14 აპრილს გამოაქვეყნებს.

1tv.ge