ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ოპერატიული მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 10.6 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა. ეს გეგმით განსაზღვრულ 10.5 მილიარდ ლართან შედარებით 1%-ით მეტია.

ანგარიშის თანახმად, გაზრდილია ყველა გადასახადის მობილიზება გარდა მოგების გადასახადისა, რომლის სახითაც მიმდინარე წლის 6 თვეში მხოლოდ 1.45 მილიარდი ლარის აკრეფა მოხდა, ნაცვლად 1.55 მილიარდი ლარისა, რაც გეგმასთან 100 მილიონი ლარის, ანუ 9%-ის ჩამორჩენას ნიშნავს.

კონკრეტული გადასახადების მიხედვით შესრულება და 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მისი ცვლილება ასე ნაწილდება:

  • დამატებული ღირებულების გადასახადი - 3.8 მილიარდი ლარი, ზრდა წინა წელთან 7%;
  • საშემოსავლო გადასახადი - 3.7 მილიარდი ლარი, ზრდა წინა წელთან 13%;
  • მოგების გადასახადი - 1.45 მილიარდი ლარი, კლება წინა წელთან 16%;
  • აქციზი - 1.18 მილიარდი ლარი, უცვლელია

2025 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა საერთო ჯამში 21.9 მილიარდი ლარის გადასახადების მობილიზებას გეგმავს. ეს წინა წელთან შედარებით 1.7 მილიარდი ლარით, ანუ 8.3%-ით მეტია.

მიმდინარე წლის საბიუჯეტო შესრულება 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ეფუძნება. არსებული მდგომარეობით 2025 წლის 5 თვეში რეალური ზრდა 8.8% იყო, თუმცა ეს მატება ბიუჯეტის შესრულებაზე პირდაპირ არ აისახა, რადგანაც წელს ზრდა ძირითადად განპირობებულია IT სექტორის ბრუნვის მკვეთრი მატებით, რომელიც თავის მხრივ სპეციალური საშეღავათო პირობებით იბეგრება და მასში არსებული მატება პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.

bm.ge