გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2023 წლის ბოლოსათვის 142.4 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 4.1 პროცენტი გამოსახული იყო უცხოური ვალუტით.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 29.5 მილიარდი ლარია.

გასულ წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 6.6 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 44.8.

„2023 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 72.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, საიდანაც მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 19.9 მილიარდ ლარს.

2023 წლის ბოლოსათვის არსებული მთლიანი ვალდებულებებიდან 15.8 მილიარდი ლარი წარმოადგენს ვალდებულებებს უცხოური ვალუტით, ხოლო არარეზიდენტების მიმართ არსებული ვალი (საგარეო ვალი) 9.9 მილიარდ ლარს შეადგენს.

არაფინანსური კორპორაციების მიერ 2023 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 2.7 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მთლიანი შემოსავლები - 18.5 მილიარდ ლარს.

2023 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) 13.4 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით 1.8 მილიარდი ლარია. ვალის მომსახურება ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების მიხედვით 114.4 მილიონ ლარს, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით 820.5 მილიონ ლარს შეადგენს“, - ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.