საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოში 2026 წლის მე-4 მუხლის კონსულტაციების მისია დაასრულა.
როგორც დასკვნით განაცხადშია აღნიშნული, სავალუტო ფონდმა მიმოიხილა საქართველოს ბოლოდროინდელი ეკონომიკური ვითარება, პერსპექტივა და რისკები.
„2026 წლის დასაწყისში, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებამდე, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მაღალი იყო. წინასწარი შეფასების მიხედვით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2026 წლის იანვარ-თებერვალში 8.4 პროცენტი შეადგინა, რაც 2025 წლის 7.5 პროცენტიან ზრდას აღემატება. მიწოდების მხარეს, აქტივობა განპირობებული იყო ინფორმაციული და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, ტრანსპორტის და განათლების სერვისების მუდმივი მატებით. მოთხოვნის მხარეს, კერძო მოხმარება იყო ზრდის მთავარი მამოძრავებელი, რომელსაც ხელს უწყობდა ზომიერი, მაგრამ კვლავ ძლიერი, ხელფასების და სამომხმარებლო სესხების რეალური ზრდა. წინმსწრები ინდიკატორები მიუთითებენ, რომ ომის ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენა ჯერ ძირითადად მხოლოდ ტურიზმს შეეხო. თუ დავუშვებთ, რომ კონფლიქტი მოკლევადიანი იქნება, ამ წლის რეალური მშპ-ს ზრდა 5.3 პროცენტამდე იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში 5 პროცენტს, თავის პოტენციური ზრდის ტემპს, დაუახლოვდება“, – წერია დასკვნაში.
ამასთან, აქცენტი გაკეთდა ინფლაციაზე და იმ წნეხზე, რაც ფასების ზრდას უწყობს ხელს.
„ინფლაციური წნეხი განსაკუთრებით კონფლიქტის დაწყების შემდეგ გაიზარდა, თუმცა საბაზო ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. 2025 წლის ბოლოს, სამომხმარებლო ფასების ინფლაციამ 4 პროცენტი შეადგინა, ხოლო მარტში 4.3 პროცენტამდე მოიმატა, რაც იმპორტირებული საკვებისა და ნავთობის ფასების ზრდას ასახავს, რაც, ნაწილობრივ, ახლო აღმოსავლეთის ომთან არის დაკავშირებული. ამასთან, საბაზო ინფლაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-ზე დაბლა ნარჩუნდება. 2026 წლის პირველ ნახევარში, ინფლაციის მაღალ დონეზე შენარჩუნებაა მოსალოდნელი, რაც განპირობებულია საწვავის და ელექტროენერგიის ფასების ზრდით, ხოლო 2027 წლის შუა პერიოდში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლამდე შემცირდება, რადგან სურსათისა და ელექტროენბეერგიის ფასების ზრდის ერთჯერადი ეფექტი მიილევა, მოთხოვნა შემცირდება და გამოშვების გაპი დაიხურება“, – აცხადებენ სსფ-ში.
გარდა ამისა, სავალუტო ფონდის დასკვნით განაცხადში აღნიშნულია, რომ საგარეო პოზიცია გაუმჯობესებულია, თუმცა მოწყვლადია ენერგომატარებლების ფასების და ტურიზმიდან შემოსავლების ცვალებადობის მიმართ.
სსფ-ში იმასაც აღნიშნავენ, რომ საქართველოში ფისკალური მაჩვენებლები ძლიერია. ფისკალური დეფიციტი 2025 წელს გეგმაზე მნიშვნელოვნად დაბალი იყო, მაღალი შემოსავლების და კაპიტალური ხარჯის დაბალი ათვისების გამო, ხოლო საჯარო სექტორის ვალი მშპ-ს 35%-ზე ნაკლებია.
„2026 წლის ბიუჯეტი მართებულად მიზნად ისახავს ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-ს 2.5%-ზე შენარჩუნებას, კაპიტალური ხარჯების აღდგენის ფონზე. გასულ წელს პროექტების განხორციელებაში და შესყიდვების პროცესში არსებული შეფერხებების შემცირებას და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესს ველით. დეფიციტის წლიური შედეგი შეიძლება, ბიუჯეტით დაგეგმილზე დაბალი აღმოჩნდეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მოსალოდნელზე მაღალი დივიდენდის და მაღალი საბიუჯეტო შემოსავლების გათვალისწინებით. 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციის წარმატებული რეფინანსირება იანვარში ასახავს ინვესტორთა ნდობას საქართველოს მაკროეკონომიკური საფუძვლის და პოლიტიკის საიმედოობის მიმართ“, – აცხადებენ სავალუტო ფონდში.
სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს ეროვნული ბანკის მუშაობას.
1tv.ge